სახელმწიფო აუდიტის დასკვნას თბილისის ახლანდელი და ყოფილი მერები ეხმიანებიან. კახა კალაძის თქმით, ეს დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მერია სწორი მიმართულებით მიდის და ეკოლოგიის და გამწვანების მიმართულებით წამოწყებული რეფორმები სწორია.
“ეს დასკვნა ადასტურებს, რომ მერია მიდის სწორი მიმართულებით და რეფორმების განხორციელება, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ კონკრეტულად ეკოლოგიის და გამწვანების მიმართულებით, ეს არის სწორი ნაბიჯები, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია ეფექტიანად დაიგეგმოს და განხორციელდეს გამწვანების ღონისძიებები და მიზნობრივად დაიხარჯოს თითოეული თეთრი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან კონკრეტულად ამ მიმართულებით გამოიყოფა. გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე დავამტკიცეთ იმ ხეთა სახეობები, რომლითაც გალამაზდება ჩვენი დედაქალაქი, ეს გადაწყვეტილება აღარავის მისცემს ლავირების და გამწვანების საკუთარ გემოვნებასა და ინტერესზე მორგების საშუალებას. არ უნდა დავივიწყოთ, რომ გამწვანება საკმაოდ რთული და სპეციფიკური მიმართულებაა და მისი ღონისძიებები მხოლოდ დარგვით არ შემოიფარგლება, თითოეულ ნარგავს სჭირდება მოვლა-პატრონობა, რათა შედეგი იყოს რეალურად გამწვანებული გარემო. ჩვენ უკვე განვახორციელეთ მთელი რიგი სამართლებრივი და ინსტიტუციური ცვლილებები, დღეს დედაქალაქის საკრებულო ამტკიცებს შესაბამის აქტებს, ხოლო გუშინ მთავრობამაც შეიტანა შესაბამისი ცვლლებები დადგენილებაში,” – განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება ქალაქის ყოფილ მერს დავით ნარმანიას, ის ამბობს, რომ პასუხისმგებლობას არ იღებს იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებზეც აუდიტის დასკვნაშია საუბარი. დავით ნარმანიამ აუდიტის სამსახურს ურჩია მისი წინამორმებიდს (გიგი უგულავას) საქმიანობის პერიოდი შეამოწმოს. მისი თქმით, გიგი უგულავას საქმიანობის დროინდელი ხარვეზების გამოსწორებას მან 4 წელი მოანდომა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის მერიაში ორი საკითხი შეისწავლა. ერთი საკითხი შეეხება 2015-2016 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის „გამწვანების ღონისძიებების პროგრამის“ ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობას. მეორე საკითხი კი შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის შესაბამისობას, რომელშიც ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისა და ყოფილი გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას დაპირისპირების მიზეზიც მოხვდა.