პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მინისაბაგიროები 2019 წელს ჯავახეთში, ხევსურეთსა და ბარისახოშიც დამონტაჟდება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე თქვა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
“მოგეხსენებათ, ჩვენ დავიწყეთ სოფლებში მინი საბაგიროების დამონტაჟება, რათა საქართველოში მთის რეგიონებში მცხოვრებმა ყველა ბავშვმა ისარგებლოს არა მხოლოდ საქართველოში არსებული საერთაშორისო მასშტაბის ზამთრის კორორტებით, არამედ თავიანთ სოფელში დაკავდნენ ზამთრის სპორტის სახეობებით“, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სვანეთის რამდენიმე სოფელში უკვე დამონტაჟდა გერმანული წარმოების საბაგიროები და ეს ინიციატივა გაგრძელდება.
“ასეთი საბაგიროს დამონტაჟება არ არის ისეთი ძვირი სიამოვნება, როგორიც საერთაშორისო მთის კურორტებზე ერთი საბაგიროს დამონტაჟება რამდენიმე მილიონი ევრო ჯდება. აქ საუბარია 20-25 ათასი ევროზე, სოფელში სათხილამურო ტრასის მოწყობაზე. ჩვენს ქვეყანაში, სადაც 70% არის მთა, ყველა ბავშვს უნდა შეეძლოს, მიუხედავად მათი ოჯახის ეკონომიური მდგომარეობისა, ისარგებლონ იმ სიკეთით, რასაც მთა ჰქვია და ჩაერთონ ზამთრის სპორტის სახეობებში იქ, იმ სოფელში, სადაც ცხოვრობენ. ამიტომ, ამ პროგრამას ვაგრძელებთ, რომელიც მნიშვნელოვანია”, – განაცხადა პრემიერმა.
მთის კურორტებზე მინისაბაგიროების დამონტაჟების შესახებ პრემიერმა 7 თებერვალს, მთავრობის სხდომაზეც ილაპარაკა. საპილოტე პროექტი უკვე განხოციელდა უშგულში, უშხვანაში, მაზერში, ეცერში, დაბა ლენტენში.