რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კანონპროექტი კომიტეტს დევნილთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ წარუდგინა. გიორგაძის თქმით, ანონპროექტის მომზადება განპირობებულია სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის საჭიროებით.
გრიგოლ გიორგაძემ განმარტა, რომ წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში შედის ცვლილება, რომლის შესაბამისად, სსიპ – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო გრანტებს გასცემს
- განათლების სფეროში სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად
- სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად
- სამეცნიერო გრანტების გაცემა
- ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის
- ახალგაზრდული და საზოგადოებრივი პროექტების დასაფინანსებლად
- იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით
- საარსებო წყაროებზე მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად
- საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და ინოვაციების პოპულარიზაციისა და საერთაშორისო საზოგადოებაში მათი დამკვიდრების ხელშეწყობისთვის
- საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მთავრობებისათვის განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და მდგრადი განვითარების სფეროებში, ბუნებრივი და ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული კატასტროფების შედეგების აღმოფხვრაში დახმარების გაწევის მიზნით
- სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივების მიმართ სახელმწიფო ხელშემწყობი ღონისძიებების განსახორციელებლად
კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ცვლილებების პარალელურად, პროექტში რამდენიმე დამატებითი საკითხის ასახვის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება.
„მუხლში, სადაც ჩვენ სწავლასთან დაკავშირებული ხარჯებისა და დაფინანსებისათვის გრანტების გაცემის თაობაზე ვსაუბრობთ, სასურველია ჩაემატოს ჩანაწერი, მათ შორის, საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარების საკითხების სწავლების მიმართულებით. როდესაც საუბარია სამეცნიერო გრანტების გაცემაზე, უნდა დაემატოს, გრანტის გაცემის შესაძლებლობა, მათ შორის, მაღალმთიანი რეგიონების პრობლემების საკითხებზე სამეცნიერო-აკადემიური წოდების მოსაპოვებლად საზღვარგარეთის ქვეყნებში. სადაც საუბარია საარსებო წყაროებზე და მათი ხელმისაწვდომობის საკითხზე, იქ გონივრული იქნება ჩავწეროთ, რომ მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე საწარმოს შექმნის ხელშესაწყობადაც შეიძლება იქნეს ეს შესაძლებლობა გამოყენებული. ასევე იქვე, სადაც საუბარია განხორციელებულ რეფორმებზე და ინოვაციებზე, მაღალმთიან საწარმოებზეც შეიძლება საუბარი. იმიტომ, რომ უკვე გვაქვს 266 მაღალმთიანი საწარმო და იქ გრანტების კომპონენტის გაჩენა ამ პროცესის წასახალისებლად და გასაძლიერებლად იქნება დამატებითი პოტენციალი მაღალმთიანი რეგიონებისთვის.
ამიტომ, ვთვლი, ჩვენი კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე, საყურადღებოა და ამ კომპონენტების მნიშვნელობის გათვალისწინებით, გონივრულია, თუ ჩვენ ამას ცვლილებების პარალელურად ავსახავთ“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
კომიტეტის წევრებმა განხილულ საკითხს მახარი ერთხმად დაუჭირეს.