გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელთან, მდინარე მტკვარზე ახალ ხიდს წელს ააშენებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა იმ საგანგაშო დასკვნის საფუძველზე მიიღო, რომელიც აქ არსებული ძველი ხიდის მდგომარეობას ეხება. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.
2018 წლის 12 თებერვალს საგზაო დეპარტამენტმა ახალი ხიდის მშენებლობის მიზნით 2 953 490 ლარი გამოყო. მშენებლობა სავარაუდოდ, მარტიდან დაიწყება და წლის ბოლომდე გასტანს.
საქართველოს გზების დეპარტამენტმა ხიდის მდგომარეობის შესწავლა შესაბამის კომპანიას 2017 წელს დაავალა. დასკვნა მინისტრმა 2018 წლის 2 თებერვალს ჩაიბარა.
“მდ. მტკვარზე არსებული სახიდე გადასასვლელის ადგილზე დათვალიერების შედეგად, ვიზუალურად დაფიქსირდა ვანტური ხიდის სიხისტის კოჭის ჩაღუნვა, რაც მიგვანიშნებს ამ კოჭების სიხისტის გარკვეული სიდიდით შემცირებაზე. არსებულმა დაზიანებებმა, შესაძლებელია გამოიწვიოს ნაგებობის რღვევა. ამასთან ერთად საზედამხედველო ორგანიზაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების პირობების დარღვევის გამო მაქსიმალურად დაჩქარდეს ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოების დაწყება.” – აღნიშნულია დასკვნაში.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრომ, უფლისციხის ახალი ხიდის მშენებლობის პროექტი 2018 წლის გეგმაში სასწრაფო წესით შეიტანა. ეს უკვე მესამე ხიდი იქნება უფლისციხესთან.