გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერს თანამშრომელი ზეწოლაში ადანაშაულებს

844

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ზვიად ბიაშვილი მერს არჩილ ხანდაშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს. ბიაშვილის თქმით, გურჯაანის მერმა მას სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვა. ინფორმაციას iregions.ge ავრცელებს.

“13 ნოემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა უფლებამოსილების განხორციელება დაიწყო. მან პირველივე დღეს ყველა სამსახურის და განყოფილების უფროსს განცხადების დაწერა მოგვთხოვა, მათ შორის მეც, რაზეც ჩემგან უარი მიიღო. მიზეზი არ დაუკონკრეტებია, რატომ უნდა დამეწერა განცხადება. მან წინასაარჩევნოდ და შემდეგაც განაცხადა, რომ უნდოდა საკუთარ გუნდთან ერთად მუშაობა. მე კონკურსგავლილი საჯარო მოხელე ვარ და დანიშნული ვარ უვადოდ. ამის მიუხედავად, მერმა კანონი ფეხქვეშ გათელა და მაინც მომთხოვა, რომ დამეწერა განცხადება. ჩემი უარის შემდეგ მან დაიწყო ჩემი დევნა და 11 იანვარს ჩემს წინააღმდეგ დაიწყო დისციპლინური წარმოება, რომელიც უსაფუძვლობის გამო მიმდინარე წლის 1 თებერვალს შეწყვიტა”,-  ამბობს ბიაშვილი და დასძენს, რომ მერმა მის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყო.

ბიაშვილის ბრალდებას პასუხობს გურჯაანის მერი. არჩილ ხანდამაშვილის თქმით, ის აუდიტის საქმიანობაში არ ერევა და შესაბამის დასკვნას ელოდება.

“მე აუდიტის საქმიანობაში არ ვერევი და არ ვიჭრები მის ფუნქციებში. დაიდება შესაბამისი დასკვნა ამის შესახებ. მე ვფიქრობ, რომ როდესაც ადამიანი, საჯარო მოხელე სათანადოდ ვერ არსულებს დაკისრებულ მოვალეობას, მას მინიმუმ საყვედური რომ არ გამოეცხადოს,ცოტა უხერხულია. პირადად ზვიად ბიაშვილის პიროვნების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.თუ აღმოჩნდებიან მერიაში დასაქმებულ პირთა შორის ადამიანები, რომლებიც დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებენ, მათაც გამოეცხადებათ საყვედური, რადგან ყველა ერთად უნდა ინაწილებდეს პასუხისმგებლობას და ზრუნავდეს გურჯაანელებზე”, – ამბობს არჩილ ხანდამაშვილმა .