ENPARD-ის მესამე ფაზის ფარგლებში მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის გრანტების გაცემა ზაფხულიდან დაიწყება

1491

ENPARD-ის მესამე ფაზის ფარგლებში მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის გრანტების გაცემა ზაფხულიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას knews.ge ავრცელებს.

“გრანტის კომპონენტი განხორციელდება FAO-ს, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ. ამჟამად ზუსტდება ტექნიკური პირობები და დიდი იმედი გვაქვს, რომ ზაფხულში მოხდება თანხების განკარგვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ძალაში სწრაფად შევიდეს. მისი ღირებულება 12 მილიონი ევროა”, – განაცხადა გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

“ენპარდის” საინფორმაციო მიმართულების ხელმძღვანელი თამარ ხუნწარია აღნიშნავს, რომ პროექტის ერთ–ერთი პრიორიტეტი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაა.

“ENPARD-ის ეს ფაზა საკმაოდ კომპლექსური და მრავალკომპონენტიანია. ის მოიცავს ბევრად უფრო ფართო საკითხებს ეკონომიკის განვითარებისთვის, როგორიცაა ტურიზმი, ინფრასტრუქტურა, სოციალური და მუნიციპალური სერვისები და მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ერთი მხრივ, ეკონომიკის დივერსიფიცირებას, და ასევე, მოსახლეობის ჩართულობასა და ამ პროცესებში მათ თანამონაწილებას უწყობს ხელს. უახლოეს მომავალში სოფლის განვითარებას კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა ექნება, რომელიც თავისთავად ნიშნავს მეტი მუნიციპალიტეტის ჩართულობას ამ პროცესებში,“ – ამბობს თამარ ხუნწარია.

ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.enpard.ge