გორის მერის მოადგილემ ალექსი მარიამიძემ თანამდებობა დატოვა

1308

გორის მერის მოადგილემ ალექსი მარიამიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მარიამიძემ თავად უთხრა.

მისი თქმით, გადაწყვეტილების შესახებ, მერს კოტე თავზარაშვილს გუშინ, 8 თებერვალს აცნობა. კოტე თავზარაშვილმა განცხადება დააკმაყოფილა.

“ბატონ კოტესთან გუშინ საღამოს ამ საკითხზე კონსულტაციები მქონდა. ეს გადაწყვეტილება არანაირად უკავშირდება რაიმე სახის დაპირისპირებას. სამომავლო გეგმებზე მოგვიანებით ვისაუბრებ” – თქვა ალექსი მარიამიძემ.

ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ შეცვლის ალექსი მარიამიძეს.  გორის მერს კიდევ ორი მოადგილე ჰყავს: ეკატერინე სუხიშვილი და გელა კაპანაძე.

ალექსი მარიამიძე ყოფილი მოსამართლეა, ის თანამდებობიდან 2004 წელს გაათავისუფლეს, მის საქმეს სტრასბურგის სასამართლო იხილავს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ,,ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ, შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნა. ალექსი მარიამიძე ჟურნალისტურ ეთიკის ქარტიაში გუბერნატორის ინტერესებს იცავდა და ტელეკომპანია ,,თრიალეთს” საქმე მოუგო.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, გორის მერის მოადგილე გახდა.