გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო დღეს გორის მერის, მისი მოადგილეების, ასევე საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი ორი მოადგილის ხელფასების ზრდაზე იმსჯელებს. ინფორმაციას “თრიალეთი” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ახალი თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შემთხვევაში, გორის მერს კონსტანტინე თავზარაშვილს 2650 ლარის ნაცვლად 3200 ლარი ექნება ხელფასი. მისი მოადგილეების ალექსი მარიამიძისა და ეკა სუხიშვილის ხელფასები კი 2050 ლარიდან 2350 ლარამდე გაიზრდება. კიდევ ერთი მოადგილე გელა კაპანაძე კი 2150 ლარის ნაცვლად 2500 ლარს მიიღებს.
“ამ ყველაფერს მუნიციპალიტეტის მერია კანონის სახელით აკეთებს, რომელი კანონიც პარლამენტმა მიიღო და ძალაში 1 იანვარს შევიდა. სწორედ ამ კანონით იხელმძღვანელა მერიამ და სოფლებში მერის წარმომადგენლებს ხელფასები დააკლო, თუმცა გაიზარდა თავად მერმა და მისმა სამმა მოადგილემ”, – წერს “თრიალეთი”.
რაც შეეხება წარმომადგენლებს. თუ გორის საკრებულო დღევანდელ სხდომაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, ისინი აქამდე თუ მეორე რანგის მეორე კატეგორიის სპეციალისტები იყვნენ, სხდომის შემდეგ მესამე რანგის პირველი კატეგორიის სპეციალისტები გახდებიან, ეს კი ნიშნავს, რომ მათ ხელფასები შეუმცირდებათ.
მერიის იურისტი მერის წარმომადგენლების რანგირების ცვლას საჯარო სამსახურის ბიუროს რეკომენდაციას აბრალებს, თუმცა თვთმმართველობას ხელთ არანაირი რეკომენდაცია არ გააჩნია.
გარდა მერისა და მისი მაოდგილეებისა, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი ორი მოადგილის ხელფასის გაზრდაზეც იმსჯელებენ.