რუსეთში რეგისტრირებული კომპანია ქვეში-ციცაგიანთკარის გზის ტენდერის პირობებს ასაჩივრებს

607

ქვეში-სათემო-ციცაგიანთკარის გზების მოასფალტებისთვის გამოცხადებულ ტენდერის პირობებს მოსკოვში რეგისტრირებული კომპანია ასაჩივრებს. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა შესყიდვების სააგენტოს საჩივრით მიმართა. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

,,გროსინვესტკაპიტალის” იურისტები ამბობენ, რომ სატენდერო წინადადებაში ჩაწერილი ნორმა ეწინააღმდეგება კანონდებლობას. კერძოდ, გორის მერიის შესყიდვების სამსახური წერს, რომ ტენდერში მონაწილე უცხოურ კომპანიებს, სათაო ოფისის მიერ შესრულებული სამუშაოები, გამოცდილებაში არ ჩაეთვლება.

თუ ეს ფრაზა არის კანონით გათვალისწინებული მოთხოვნა, მაშინ მთითებული უნდა იყოს რომელი კანონმდებლობის, რომელი ქვეპუნქტით მიიღო შემსყიდველმა ეს მოთხოვნა სატენდერო დოკუმენტაციაში” – ამბობს ,,გროსინვესტკაპიტალის” იურისტი.

,გროსინვესტკაპიტალი” რუსეთში, კერძოდ, მოსკოვში 2016 წლის ოქტომბერში დარეგისტირდა. მას მონაწილეობა მიღებული აქვს 29 ტენდერში, საიდანაც მხოლოდ 7 ტენდერი მოიგო. სულ 2 მლნ 739140 ლარის კონტრაქტები აქვს გაფორმებული. ერთ-ერთი მსხვილი შესყიდვა კი განახორციელა ვეტერანების სახელმწიფო დეპარტამენტის შენობის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, სადაც 1 მლნ 230 000 ლარი დაიხარჯა.

სოფელ ქვეშის გზიდან სათემო-ციცაგიანთკარი-ახრისის დამაკავშირებელი გზის ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი 2018 წლის 5 თებერვალს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 27 თებერვალს მთავრდება.

გზის აღნიშნული მონაკვეთი 5 კმ 826 მეტრია; მის შესაკეთებლად 1 მლნ 543 270 ლარია გათვალისწინებული, საიდანაც 1მლნ 20 ათასი ლარი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო. დანარჩენი ადგილობრივი ბიუჯეტიდან.