დედაქალაქს წელს ევროსტანდარტების შესაბამისი 100 ახალი ავტობუსი შეემატება. მერიამ ავტობუსების შესაძენად თანხა 2018 წლის მუნიციპალურ ბიუჯეტში გამონახა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
ახალი ავტობუსების საყიდლად მერია წელს 50 მილიონ ლარს გამოყოფს.
“მოგეხსენებათ, ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ ჩემი მერობის პერიოდში, თბილისის ავტოპარკი განახლდებოდა და შემოვიდოდა 700 ახალი ავტობუსი, რომელიც იქნებოდა ეკოლოგიურად სუფთა. ამ მხრივ გვაქვს პრობლემები. ეს არ ეხება “მანის” ფირმის ახალ ავტობუსებს. დანარჩენი ავტობუსების გარკვეული ნაწილი ამორტიზებულია, არაკომფორტულია და აბინძურებს გარემოს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ავტობუსების შეძენა საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსს საჭიროებს, მიმდინარე წლის ბიუჯეტში გამოვნახეთ ამისათვის საჭირო სახსრები და წელსვე ვგეგმავთ სულ მცირე 100 ავტობუსის შეძენას, რომელიც იქნება ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული სტანდარტის და რაც მთავარია, კომფორტული”, – – განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, ამჟამად მერია მწარმოებლებთან მუშაობს, რათა დადგინდეს, თუ რა ტიპის ავტობუსების შეძენა იქნება მიზანშეწონილი თბილისისთვის. უახლოეს პერიოდში კი მერია სატენდერო პროცედურას დაიწყებს, რათა წლის ბოლოს დედაქალაქს ახალი ავტობუსები ჰყავდეს.
კალაძის ინფორმაციითვე, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ავტოპარკი მთლიანად ჩანაცვლდება.