ჭანიეთში ახალი სკოლის მშენებლობაზე 1 600 000 ლარი დაიხარჯება

912

სოფელ ჭანიეთის საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ჭანიეთის საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოებს დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია გაეცნო. ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს.

მშენებლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაკვეთით მიმდინარეობს. სოფელ ჭანიეთში სკოლის არარსებობის გამო მოსწავლეები სასწავლო პროცესს სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში გადიან.

90 ბავშვზე გათვლილი ახალი შენობა ევროპული სტანდარტების შესაბამისად შენდება. ადგილზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე და ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი – ლელა იმედაშვილი იმყოფებოდნენ.

სამშენებლო სამშაოებს კომპანია „კაპიტალ კონტრაქსშენი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 1 600 000 ლარს შეადგენს. ჭანიეთის საჯარო სკოლის მშენებლობა 3 თვის ვადაში უნდა დასრულდეს.