გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუნიციპალიური გენდერული თანასწორობის საბჭო შეიქმნა. საკითხს გუშინ საკრებულოს სესიაზე უყარეს კენჭი. საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან საკრებულოს თანაშრომლები, არასამთავრობო ორგანიზიაციის, მედიისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები. ინფორმაციას iregions.ge ავრცელებს.
“საქართველოს პარლამენტში არსებობს გენდერული საკონსულტაციო საბჭო და სწორედ საკანონმდებლო ორგანო კურირებს მუნიციპალიტეტებში ამ საკითხს.
თუ ვინ იქნებიან საბჭოს შემადგენლობაში, სავარაუდო სია უკვე შედგენილი გვაქვს. ვიმუშავებთ ისეთ თემებზე, როგორიცაა ოჯახში ძალადობა, ნაადრევი ქორწინება, ბულინგი, ეთნიკურ უმცირესობებში შემორჩენილი სტერეოტიპები და ა.შ. საბჭო ისეთი ადამიანებით დაკომპლექტდება, რომლებსაც წვდომა აქვთ აღნიშნულ პრობლემთან. რა თქმა უნდა, გვექნება სამოქმედო გეგმა და ამის მიხედვით ვიმუშავებთ.“-აღნიშნა საბჭოს წევრმა და საკრებულოს დეპუტატმა, მარიამ სირბილაშვილმა.
მისივე თქმით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუნიციპალიური გენდერული თანასწორობის საბჭო მუშაობას უახლოეს მომავალში დაიწყებს.