გიგი უგულავა ვანისა და ხონის მაჟორიტარობისათვის იბრძოლებს

715

“ევროპული საქართველოს” მიერ 4 თებერვალს გამართული პარტიის ყრილობაზე ცნობილი გახდა, რომ გიგი უგულავა ვანისა და ხონის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს. ვანი და ხონი მაჟორიტარის გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

“დადგა დრო მოვიპოვოთ პირველი გამარჯვება გამარჯვებების გრძელ გზაზე! ჩვენ ვხედავთ გაჩერებულ ქვეყანას, ეკონომიკას, რომელიც სულს ღაფავს, გაზრდილ კრიმინალს, რომელსაც სახელმწიფო ვეღარ უმკლავდება. ვხედავთ თვითკმაყობილ სახეებს ხელისუფლებაში და გაღატაკებულ ხალხს ქუჩაში. ოცნებამ მომავლის რწმენა ჩაკლა მოსახლეობაში. აპათია, ნიჰილიზმი, ხელისჩაქნევა, რომ მაინც არაფერი შეიცვლება, გათვლა- შეჩვეული ჭირი სჯობს – ქმნის იმ ფონს, რომ აღარავის სჯერა არავისი. ეს აწყობს დღევანდელ რეჟიმს. პოლიტიკა მთლიანად და პოლიტიკოსები ძალიან დავშორდით ხალხს. დღეს ყველაზე პოპულარული არც ერთი პარტიაა, ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი კი არავინ. ამასობაში ხდება ფლანგვა და სახელმწიფოებრიობის ეროზია. სახელმწიფო აგებს ომს სიღარიბესთან, აგებს ომს უმუშევრიობასთან, აგებს ომს კრიმინალთან. ჩვენ ვაგებთ და ვკარგავთ რწმენას საკუთარი თავისა და ქვეყნის პერსპექტივის. ამიტომ მივიღე მე ესგამოწვევა. ხონსა და ვანს აქვს პრივილეგია იყოს ამ ცვლილებების მედროშე და ავანგარდი. ამ საყოველთაო უიმედობის ფონზე, ხონელებსა და ვანელებს აქვთ შანსი საქართველოს მდორე პოლიტიკური ცხოვრების ჩარხი შეაბრუნონ და ქვეყანა პროგრესისკენ მიმართონ. მე არ ვსაუბრობ საკუთარ თავზე. დიდი პატივია იყო შენი მოსახლეობის ხმა პარლამენტში, მაგრამ აქ საქმე ჩემში არაა. თუ ჩვენ, ოპოზიციამ გავიმარჯვეთ ხონსა და ვანში, ოპოზიცია გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებზეც. თუ ვიქნებით კონსოლიდირებული 2018 წელი დიდი შემობრუნების და იმედის წლად შეიძლება ვაქციოთ,” – განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, ვანსა და ხონში მაჟორიტარის ასარჩევად არჩევნები მიმდინარე წლის აპრილში გაიმართება.