თბილისის გენგეგმის შესახებ ნაციონალების სხდომას საკრებულოში უმრავლესობა და მერიის წარმომადგენლები არ ესწრებიან

523

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მიწათსარგებლობების გენერალურ გეგმაზე მსჯელობა მიმდინარეობს, რომლის ინიციატორით ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობაა”. სხდომაზე გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფსსითი ინსტიტუტ ჯორჯიას” უსმენენ. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძემ დღეს თქვა, რომ სხდომას საკრებულოს უმრავლესობა და დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები არ დაესწრებიან.

”შენიშვნებზე მუშაობა სამუშაო რეჟიმში გრძელდება. გენგეგმის სამუშაო ჯგუფი დაგვპირდა, რომ კონკრეტულ ვადაში შენიშვნებს გამოასწორებს და როცა ეს პროცესი დასრულდება, ამის შესახებ თქვენ ინფორმირებული იქნებით. თქვენ იცით, რომ მერიის მიერ მოხდა შეთავაზება, მსჯელობაში მომხდარიყო ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. ამ თვალსაზრისით მერიის კარი ღიაა, ხოლო თუკი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი ცალკე ავტონომიურ რეჟიმში გადაწყვეტს საკითხის განხილვას, ეს მისი ნებაა, თუმცა რეალური შედეგის მომტანი ნამდვილად არ არის. ჩვენ მზად ვართ იმ ფორმატში, რაც მერიას აქვს შემოთავაზებული, დავიწყოთ აღნიშნულ საკითხზე საუბარი და აღნიშნული საკითხის განხილვა”, – განაცხადა სოხაძემ.

სხდომას ესწრება ფრაქცია “ევროპული საქართველო, ასევე სფეროს ექსპერტები.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დედაქალაქის მერიასა და მის ავტორებს შორის საჯილდაო ქვად იქცა. დოკუმენტი, რომლის შექმნაც 2015 წელს დაიწყო და რომლის შემუშავებაშიც დედაქალაქის წინა მთავრობამ 2 800 000 ლარი გადაიხადა, 2017 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო. მოგვიანებით ითქვა, რომ დოკუმენტზე მუშაობა საბოლოოდ სექტემბერში დასრულდებოდა, რის შემდეგაც მას დედაქალაქის საკრებულო დაამტკიცებდა.

დეკემბრის ბოლოს, მერიამ „სითი ინსტიტუტი საქართველო“ 145 ათასით დააჯარიმა. მერიამ განმარტა, რომ ამის მიზეზი დოკუმენტში არსებული გარკვეული ხარვეზები იყო.