2018 წელს მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალი ცნობილია. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალური პროექტების განსახორციელებლად თანხების გამოყოფა უკვე დაწყებულია.
გურიაში, ამ დროისთვის, დაფინანსება მხოლოდ ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ. ამ მუნიციპალიტეტებში ჯამში 11 პროექტი დაფინანსდა, რომელთა განსახორციელებლად რეგფონდიდან გამოყოფილი თანხაც 5 225 741 ლარია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ლანჩხუთში ამ ეტაპზე სამი პროექტია დაფინანსებული და მათი ჯამური ღირებულება 1 201 522 ლარს შეადგენს.
ქალაქ ლანჩხუთსა და მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში შიდა გზებზე რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობაა დაგეგმილი. პროექტის განსახორციელებლად რეგფონდიდან 694,479 ლარი გამოიყო.
დაგეგმილია, ასევე, ქალაქ ლანჩხუთში მრავალბინიანი სახლის სახურავის შეკეთება, რომელსაც ცენტრალური ბიუჯეტი 122,943 ლარით დააფინანსებს.
გარდა ამისა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ჯურუყვეთის, ლესისა და შუხუთის ადმინიტრაციულ ერთეულებში, წყალმომარაგების სიტემის მშენებლობა-რეაბილიტაციაა დაგეგმილი, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 384,100 ლარია გამოყოფილი.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, ამ ეტაპზე 140 მლნ 800 000 ლარია გამოყოფილი.