თბილისის მერია: ფრაქცია “ევროპულ საქართველოს” სხდომაზე მისვლას არ დავპირებივართ

551

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა საკრებულოში ფრაქცია “ევროპული საქართველოს” სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ განცხადება გაავრცელა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ცნობით, მათ “ევროპული საქართველოსთვის” სხდომაზე მისვლის პირობა არ მიუციათ. სხდომაზე ფრაქციას ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევასთან დაკავშირებით შეკითხვები უნდა დაესვა მერიის წარმომადგენლებისთვის.

„ჩვენ არავის არაფერს არ შევპირებივართ. მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდართან დაკავშირებით გასული კვირის ბოლოს საკრებულოში კომისიების გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შესაბამისად, ამ საკითხის განხილვა საკრებულოში მოხდა, რომელსაც ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ“, – აცხადებენ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.

30 იანვარს, მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერი 10:30 საათისთვის ჩამოინგრა. უბედური შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია შპს “ყვარელმშენმა” ჩაატარა, რომლის წინადადებაც თბილისის მერიამ 2016 წლის 20 ოქტომბერს მიიღო, კონტრაქტი კი მოგვიანებით გაფორმდა. ეს კომპანია 2015 წელს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შავ სიაში შეიყვანა. ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია 347 852 ლარი დაჯდა.

მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.