გორის 22 საბავშვო ბაღში გათბობის პრობლემაა

673

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საწვავად კვლავ ,,ბრიკეტებს” (დაპრესილი ხის მასალა) გამოიყენებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის ბაღების მართვის სააგენტომ 2 თებერვალს მიიღო. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

“თებერვალში 22 საბავშო ბაღისთვის საჭიროა 10 ტონა ბრიკეტი თუ არ გვექნება, საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი ჩაიშლება”, – ამბობს სააგენტოს ხელმძღვანელი ლიანა კოვზიაშვილი.

მისი თქმით, იმის გამო, რომ საბავშვო ბაღებში რეორგანიზაცია 2018 წლის 23 იანვარს დასრულდა. ტენდერის გამოცხადდება ვერ მოესწრო.

ბაღების სააგენტომ ჯერ კიდევ 2017 წლის სექტემბერში თქვა “ბრიკეტების” შესყიდვაზე უარი. ამის მიზეზი მიმწოდებელ კომპანიასთან დადებულ ხელშეკრულებაში გაპარული ხარვეზი იყო.

,,იმის გამო, რომ სატენდერო დოკუმენტაციაში, მხოლოდ, ხის ნარჩენებისგან დამზადებული ბრიკეტი წერია, მიმწოდებელ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ საბავშვო ბაღებს მიაწოდონ წიწვოვანი ხის ნარჩენებისგან დამზადებული მასალა” – აღნიშნავდა მაშინ მატერიალური განყოფილების უფროსი კახაბერ გოგიაშვილი. მაშინ სხდომაზე ითქვა, რომ წიწვოვანი ხის ნარჩენების წვის შედეგად, ღუმელში სქელი ნადები რჩებოდა, რის გამოც, საბავშვო ბაღების დამლაგებლებს ღუმელისა და მილების წმენდა, სისტემატიურად, უწევდათ.

აღნიშნულ მოხსენებასთან დაკავშირებით, 2017 წლის სექტემბერში გადაწყვიტეს, რომ საბავშვო ბაღებისთვის წიწვოვანი ხის ნარჩენებისგან დამზადებული ,,ბრიკეტები” აღარ ეყიდათ. თუმცა, ეს გადაწყვეტილება 2018 წლის თებერვალში შეცვალეს.