გორის მუნიციპალიტეტის 40 სოფელში სასმელი წყლის სისტემა მოსაწესრიგებელია

1012

გორის მუნიციპალიტეტის 40 სოფელში სასმელი წყლის სისტემა მოსაწესრიგებელია. ამის შესახებ გორის მერიის სასმელი წყლის სისტემების სამსახურის უფროსი ბონდო მარუაშვილი ამბობს და დასძენს, რომ ამ მიმართულებით საჭირო ზომებიაი გასატარებელი. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

კერძოდ, სოფელ ბნავისში წყალმომარაგების სისტემა გასაახლებელია. იგივე მდგომარეობაა მარანაში, ყელქცეულსა და საქაშეთში. შიდა ქსელის პრობლემებია მეღვრეკისში, ბროწლეთში, შინდისში, ტინისხიდში, თედოწმინდაში, ქვედა ახალდაბაში, ძევერაში და ახრისში. სასმელი წყლის სისტემა საერთოდ არ არსებობს ნადარბაზევსა და არაშენდაში.

გამოცემის ცნობით, საბჭოური წარმოების სისტემებია შემორჩენილი ტირძნისში, მეღვრეკისში, წერეში, გუგუტიანთკარში, შინდისში, ფხვენისში, ზერტში, ტყვიავში, ქიწნისში, ქიწნისის მეურნეობაში, სათემოში და ციცაგიანთკარში.

რაც შეეხება ატენს, ხიდისთავს, ქვახვრელს, ბერბუკს, ახალხიზას, ბროწლეთს და ქვემო არცევს-  ამ სოფლებში სამუშაოები დაწყებულია, თუმცა ჯერ არ დასრულებულა.

“ამორტიზებული სადაწევნო კოშკები უნდა შეიცვალოს თანამედროვე ტიპის კოშკებითა და ლითონის ავზებით” – ამბობს ბონდო მარუაშვილი და დასძენს, რომ 10 ახალი ჭაბურღილის რეაბილიტაცია უკვე მიმდინარეობს შემდეგ სოფლებში: ბერშუეთი, პატარა მეჯვრისხევი, დიდი მეჯვრისხევი, ფლავი, ფლავისმანი, კარბი, ქერე, ერგნეთი, ახალუბანი და არბო.

ყველა მათგანი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელია.