ტყიბულის სოფელ ორპირში იუსტიციის სახლის აშენებას ითხოვენ

1068

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირის მოსახლეობა სოფელში იუსტიციის სახლის აშენებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას topnews-ი ავრცელებს.

ორიპირის თემი, რომელიც ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელ საავტომობილო და სარკინიგზო გზაზე მდებარეობს, 9 სოფლისგან (ზედა ჭყეპი, კოკა, ლაფეთი, მანდიკორი, ნაბოსლევი, ოხომირა, ქვედა ჭყეპი, შუყერი, ჯონია) შედგება.

სოფლის მცხოვრებლები ამბობენ,  რომ მდებარეობისა და მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ტყიბულის ცენტრად ორპირი ითვლება. მათივე თქმით, იუსტიციის სახლის სერვისებით სარგებლობისათვის მათ ქუთაისში ან ტყიბულში უწევთ წასვლა, რაც ხარჯთანაა დაკავშირებული. სოფელ ორპირის მაცხოვრებლები ტყიბულის რაიონის სოფელ საწირეში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის იდეას არ იწონებენ. მოსახლეობის თქმით, თუ ტყიბულში მსგავსი ტიპის დაწესებულება აშენდება, ის სოფელ ორპირში უნდა გაკეთდეს.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში არ გამორიცხავენ, რომ ორპირში იუსტიციის სახლი მართლაც ააშენონ, თუმცა წინასწარ დეტალებზე არ საუბრობენ.

რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს პოზიციას, უწყების პრესსამსახურში კითხვა უპასუხოდ დატოვეს.