ნაძალადევში, ხევისუბნის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა

908

თბილისში, ნაძალადევის რაიონში მდებარე ხევისუბნის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. ნაძალადევის გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში ხევისუბნის ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ბორდიურები, აშენდა გზის დამჭერი კედლები, ქუჩის ძირითად ნაწილზე ასფალტის, ნაწილზე კი ბეტონის საფარი დაიგო.

სამუშაოები გამგეობისი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 125 980 ლარია.

„40 წელზე მეტია ხევისუბნის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა არ მოწესრიგებულა. ადგილობრივ მცხოვრებლებს წლების განმავლობაში ცუდ პირობებში ცხოვრება უწევდათ. ახლა უკვე მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით სარგებლობს. ქუჩის რელიეფიდან გამომდინარე, ამ გზის რეაბილიტაცია ერთ-ერთი რთული პროექტი იყო. ხევისუბნის გარდა, გასულ წელს, კაპიტალურად კიდევ 12 ქუჩა შევაკეთეთ. სხვადასხვა ტიპის საგზაო სამუშაოები სულ 50-მდე მისამართზე განხორციელდა. რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და გამგეობა მსგავსი პროექტების განხორციელებას მიმდინარე წელსაც განაგრძობს“, – თქვა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ.