2017 წელს, მაშინ, როდესაც ცენტრალურმა ხელისუფლებამ 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმება გადაწყვიტა, ერთ-ერთ მიზეზად დუბლირებული ა(ა)იპ-ების გამო გაზრდილი ხარჯები დაასახელა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ერთხმად გვარწმუნებდნენ, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გამოსავალი იმისათვის, რომ საბიუჯეტო სახსრები ოპტიმალურად გახარჯულიყო. თავდაპირველად, ითქვა, რომ თვითმმართველი ქალაქების – თელავის, გორის, მცხეთის, ოზურგეთის, ახალციხის, ზუგდიდისა და ამბროლაურის გაუქმებით 40 მილიონი დაიზოგებოდა, თუმცა, საბოლოოდ, ამ ე.წ. დანაზოგის გათვლები 3-4 მილიონამდე დავიდა.
რა ხდებოდა მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში და მართლაც იყო თუ არა გაზრდილი მათი ხარჯები „დუბლირების“ გამო? droa.ge-მ ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის თემის მუნიციპალიტეტებში იმ დროს არსებული არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების საშტატო ნუსხა მოიპოვა, რომლითაც მარტივად დასტურდება, რომ ხარჯების ზრდა, რეალურად, არა ე.წ. დუბლირებას, არამედ აქ არსებულ უკონტროლო ვითარებას უკავშირდებოდა. როგორც აღმოჩნდა, ა(ა)იპ-ების უმეტესობაში შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობა შტატიან თანამშრომლებს ბევრად აჭარბებდა. ეს ტენდენცია განსაკუთრებით ქალაქ ოზურგეთში იყო, სადაც 15 ა(ა)იპ-ში შტატით 405, უშტატოდ კი 422 (ჯამში 827) ადამიანი იყო დასაქმებული.
მაგალითად, ბოლო სამი – 2015, 2016 და 2017 წლის განმავლობაში ა(ა)იპ „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრს“ დაფინანსება ყოველწლიურად ეზრდებოდა. 2017 წლის მონაცემებით, ამ ორგანიზაციის ბიუჯეტი მილიონ ლარს აღემატება, მაშინ, როცა 2015 წელს 800 ათასზე ცოტა მეტი ჰქონდა. მსხვილი დაფინანსების მიუხედავად, „სერვისცენტრის“ მუდმივ შტატში მხოლოდ 7 თანამშრომელი მუშაობდა, შტატგარეშედ კი ხელფასს 127 კაცი იღებდა.
აღნიშნული ორგანიზაცია გამონაკლისი არ ყოფილა. შტატიანი 10 თანამშრომელი ჰყავდა „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მოსწავლე–ახალგაზრდობის ცენტრს“, მაშინ, როცა დამატებით უშტატოდ 83 თანამშრომელი იღებდა ხელფასს. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „მერცხალს“ შტატში მხოლოდ 2 კაცი ჰყავდა გაფორმებული, სინამდვილეში კი იქ 59 მუშაობდა. მათ შორის, 57 უშტატო თანამშრომელი.
ზემოთ ჩამოთვლილი და კიდევ სხვა, არაერთი არასამეწარმეო არაკომერციული ორგანიზაცია წლების განმავლობაში ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა და დაფინანსება სწორედ აქ დასაქმებულ უშტატო თანამშრომელთა პროპორციულად იზრდებოდა.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
# |
დასახელება |
დაფინანსების მოცულობა |
დასაქმებულთა რაოდენობა (2016 წლის მონაცემები) |
||||
2015 წ. |
2016 წ. |
2017 წ. |
შტატიანი |
შტატგარეშე |
სულ |
||
1 | ა(ა)ი.პ. „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრი“ | 830 200 | 994 800 | 1 026 500 | 7 | 127 | 134 |
2 | ა(ა)ი.პ. „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გრ. კილაძის სახელობის მუსიკალური სკოლა“ | 112 000 | 115 000 | 115 000 | 38 | 2 | 40 |
3 | ა(ა)ი.პ. „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მოსწავლე–ახალგაზრდობის ცენტრი“ | 191 600 | 410 500 | 363 100 | 10 | 83 | 93 |
4 | ა(ა)ი.პ. „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გაერთიანებული სპორტის განვითარების ცენტრი“ | 206 600 | 475 000 | 414 700 | 54 | 16 | 70 |
5 | ა(ა)ი.პ. „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმი“ | 84 300 | 110 000 | 91 800 | 6 | 15 | 21 |
6 | ა(ა)ი.პ. „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლა“ | 65 200 | 70 800 | 68 700 | 4 | 13 | 17 |
7 | ა(ა)ი.პ. „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრი – სურათების გალერეა“ | 90 300 | 90 400 | 86 200 | 8 | 9 | 17 |
8 | (ა)ი.პ. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „მერცხალი“ | 231 000 | 427 500 | 132 800 | 2 | 57 | 59 |
9 | ა(ა)ი.პ. „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და დასვენების პარკი“ | 56 200
|
66 300
|
58 200
|
2 | 12 | 14
|
10 | ა(ა)ი.პ. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსაბლი „გურია“ | 119 700 | 185 000 | 157 000 | 50 | – | 50 |
11 | ა(ა)ი.პ. „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რაგბის განვითარების ცენტრი“ | 93 300 | 152 000 | 146 800 | 4 | 29 | 33 |
12 | ა(ა)ი.პ. „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო თეატრი“ | 64 200 | 70 000 | 63 000 | 15 | 2 | 17 |
13 | ა(ა)ი.პ. „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო – საგანმანათლებლო ცენტრი“ | 874 000 | 970 200 | 1 000 000 | 199 | 42 | 241 |
14 | ა(ა)ი.პ. „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა“ | 79 300 | 119 300 | 93 900 | 6 | 15 | 21 |
15 | შ.პ.ს „გურია ტრეველი“ | 8100 |
– |
– |
რაც შეეხება ოზურგეთის თემის მუნიციპალიტეტს, აქ ვითარება შედარებით უკეთ იყო – 11 ა(ა)იპ-იდან მხოლოდ ერთში – „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრში“ აღემატებოდა უშტატო თანამშრომელთა რაოდენობა შტატიან თანამშრომლებს.
ოზურგეთის თემის მუნიციპალიტეტი
# |
დასახელება |
დაფინანსების მოცულობა |
დასაქმებულთა რაოდენობა (2016 წლის მონაცემები) |
||||
2015 წ. |
2016 წ. |
2017 წ. |
შტატიანი |
შტატგარეშე |
სულ |
||
1 | ა(ა)ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის კულტურის სახლი“ | 131 300 | 156 400 | 125 500 | 36 | – | 36 |
2 | ა(ა)ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ | 91 700 | 80 500 | 74 300 | 14 | 4 | 18 |
3 | ა(ა)ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და არქიტექტურული დაგეგმარების ცენტრი“ | 78 200 | 77 800 | 70 500 | 10 | – | 10 |
4 | ა(ა)ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრი“ | 188 200 | 170 000 | 72 000 | 6 | 13 | 19 |
5 | ა(ა)ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო-საბიბლიოთეკო გაერთიანება“ | 114 900 | 135 000 | 124 400 | 33 | – | 33 |
6 | ა(ა)ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრი“ | 904 300 | 998 400 | 1 863 200 | 124 | – | 124 |
7 | ა(ა)ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი“ | 327 000 | 345 800 | 338 900 | 88 | 15 | 103 |
8 | ა(ა)ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წყალმაშველთა ჯგუფი“ | 46 700 | 54 700 | 25 000 | 16 | – | 16 |
9 | ა(ა)ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი“ | 1 440 800 | 1 907 300 | 1 980 000 | 459 | 8 | 467 |
10 | შ.პ.ს. „მუნიციპალური ტრანსპორტი“ | 75 600 | 74 800 | 73 800 | 6 | 4 | 10 |
11 | შ.პ.ს. „ტექნოსერვი“ | 98 000 | – | – | 12 | – | 12 |
ოზურგეთში ორივე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების საკითხი არასამთავრობო ორგანიზაციამ – „საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირმა“ შეისწავლა. ორგანიზაციის მონაცემებით, ჯერ გასაყოფ და შემდეგ უკვე გაყოფილ მუნიციპალიტეტებში ა(ა)იპ-ების რაოდენობა 2010 წლის შემდეგ ხელოვნურად გაიზარდა.
„ვინაიდან მოხდა შეზღუდვა და ადამიანების დასაქმება საჯარო სამსახურში ვერ ხერხებოდა, გაიზარდა ა(ა)იპ-ების და იქ დასაქმებულთა რაოდენობა. არჩევნების დროს ვინც გვერდით ედგა მმართველ პარტიას, თითქმის ყველა დაასაქმეს ამ ა(ა)იპ-ებში. ამან გამოიწვია ამდენი არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის ჩამოყალიბება. ძალიან ბევრია ისეთი შემთხვევა, როცა ადამიანი სამსახურში ფიზიკურადაც არ დადიოდა და მაინც ინარჩუნებდნენ. არჩევნების დროს ხმებს ვინც უგროვებდათ, დასაქმებულიც, ძირითადად, ისინი იყვნენ“, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის“ წევრი ირაკლი პაპავა.
სამწუხაროდ, droa.ge-მ ვერ დაადგინა, რამ განაპირობა უშტატო თანამშრომლების ამგვარი ზრდა ოზურგეთის მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში, თუმცა, როგორც შევიტყვეთ, გაერთიანებული მუნიციპალიტეტის ახალმა ხელისუფლებამ წინამორბედების შექმნილი ა(ა)იპ-ების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.
„ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, ჯამში, 26 მუნიციპალური ა(ა)იპ და შპს არსებობდა. გაერთიანებული მუნიციპალიტეტის შემთხვევაში კი 18 ასეთი ორგანიზაცია იარსებებს. საკრებულოს მიერ დამტკიცებული მუნიციპალური ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების რეორგანიზაციის გეგმის თანახმად, დაიწყება რეორგანიზაციის პროცესი. ამ პროცესში მოხდება, ასევე, საშტატო ნუსხების გადახედვა და, სავარაუდოდ, მას მოჰყვება შტატების შემცირება და მართვის სტრუქტურის ოპტიმიზაცია“, – განუცხადა droa.ge-ს ოზურგეთის მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ.
ა(ა)იპ-ების და მისი თანამშრომლების შემცირების პროცედურებს ოზურგეთის მერი გაუძღვება. უახლოეს პერიოდში ამ ორგანიზაციების კუთვნილი ქონების აღწერა და ახალი საშტატო ნუსხის დამტკიცებაც იგეგმება.
ის, რომ მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში შტატების ზრდა ხდება, ან უშტატო თანამშრომელთა განუსაზღვრელი რაოდენობა არსებობს, ეს კანონის ხარვეზიცაა, რომელსაც როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ჩინოვნიკები კარგად იყენებენ. 2017 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოაქვეყნა კვლევა, რომლითაც აღმოჩნდა, რომ ოზურგეთის მსგავსი პრობლემები იმ ხუთ თვითმმართველ ქალაქშიცაა, რომელიც ხელისუფლებამ არ გააუქმა, მათ შორის, დედაქალაქშიც, ისევე, როგორც ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში.
როგორც ორგანიზაცია აცხადებს, შტატგარეშე თანამშრომლების დასაქმება შედარებით მარტივ პროცედურასთანაა დაკავშირებული, რის გამოც დიდია ნეპოტიზმის, ან პოლიტიკური ფავორიტიზმის ალბათობა. „მნიშვნელოვანია, რომ შტატგარეშე თანამშრომლების დასაქმებისას დაცული იყოს კანონის მოთხოვნები და მათი სამსახურში აყვანა გამომდინარეობდეს კონკრეტული სამსახურებრივი საჭიროებიდან, რათა გამოირიცხოს მათი პოლიტიკური თუ პარტიული მოსაზრებით/საჭიროებით დასაქმების რისკი“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
კვლევაში ორგანიზაცია, ასევე, ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ა(ა)იპებზე “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი საერთოდ არ ვრცელდება. აგრეთვე, არ არსებობს ადგილობრივი თვითმმართველობისა თუ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელის კონკურსის წესით შერჩევის ვალდებულება (დამფუძნებელი უფლებამოსილია, განსაზღვროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი და წარმომადგენელი პირი), ისევე, როგორც კანონით არაა განსაზღვრული თანამშრომელთა კონკურსის წესით აყვანა და დადგენილი არ არის უშტატო თანამშრომელთა ზღვრული რაოდენობა, მაშინ, როცა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, „მუნიციპალიტეტის შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის 10%-ს“.
სავარაუდოდ, სწორედ „თვითმმართველობის კოდექსის“ ამ მუხლის გამო მიმართეს მუნიციპალიტეტებმა საკანონმდებლო ხვრელს და დასასაქმებელი მხარდამჭერები თუ პარტაქტივი მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში გადაისროლეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღნიშნული კვლევაც და ოზურგეთის მაგალითიც ცხადყოფს, რომ 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებას ე.წ. დუბლირებული ა(ა)იპ-ებით გამოწვეულ გაზრდილ ხარჯებთან არანაირი კავშირი არ აქვს და ის პოლიტიკური მოტივებით იყო ნაკარნახები. ა(ა)იპ-ების პრობლემა გაცილებით მასშტაბურია და ის როგორც ყველა მუნიციპალიტეტს, ისე ცენტრალურ დონეზე არსებულ სახელმწიფო დაწესებულებს უდგათ. პირველი და უმთავრესი სწორედ გაუმართავი კანონმდებლობაა, რომელიც ამ სფეროში უკონტროლო ვითარებას ქმნის, მეორე კი კონკრეტული თანამდებობის პირების არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება და ძალაუფლების გამყარებისკენ სწრაფვაა, რის გამოც სახელმწიფოსა თუ მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებს აშკარად და დაუფარავად იყენებენ.