დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი სოფიო ხუნწარია თავის მეხუთე მოადგილედ წარადგინა. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ხუნწარია თბილისის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსად კახა კალაძის თბილისის მერად არჩევის შემდეგ დაინიშნა. როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, მერიის სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში, კულტურისა და სპორტის საქალაქო სამსახურები ერთიანდება. გაერთიანებულ სამსახურს სპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი, ირაკლი გვილავა უხელმძღვანელებს, ხოლო ხუნწარია მერის მოადგილედ გადაინაცვლებს.
სოფიო ხუნწარია პროფესიით ჟურნალისტია. სხვადასხვა დროს მუშაობდა ტელეკომპანიებში: “იბერია”, “მზე”, “იმედი”. იყო კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელი, აგრეთვე, სარეკლამო კომპანია “ვინდფორსის” აღმასრულებელი დირექტორი. 2012 წლიდან კი ხუნწარია ტელეკომპანია “არტარეას” ხელმძღვანელობდა.