თბილისის მოსახლეობა მუნიციპალურ სერვისებს ცენტრალიზებული სტრუქტურის მეშვეობით მიიღებს

781

წინა სტატია

თბილისის მერიაში მუნიციპალური სერვისების ცენტრალიზება და მისი ერთ სივრცეში მოქცევა იგეგმება. ამ მიზნით, მერიის ყველა სტრუქტურული ერთეულიდან და გამგეობებიდან გამოიყოფა აღნიშნული ფუნქცია და მისი ცენტრალიზება ახალ ა(ა)იპ-ში – მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში მოხდება. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სტრუქტურული რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

“შესაბამისი სამსახურები და განყოფილებები აქვს  როგორც მერიას, ისე ათივე გამგეობას, არქიტექტურის სამსახურს და ქონების მართვის სამსახურს. რეფორმის ფარგლებში ეს ფუნქციები და ის პერსონალი, რომელიც ამ სერვისებს ახორციელებს, გაერთიანდება ერთ ორგანიზაციაში. ეს არის მუნიციპალური სერვისების განვითარების სამსახური – არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც დღეს უკვე არსებობს. ამ რეფორმის მიზანი არის მომსახურების ერთიანი, მაღალი სტანდარტის დანერგვა, „ერთი სარკმლის“ პრინციპით მომსახურება და რაც ყველაზე მთავარია, მომსახურების ცენტრალიზება. აქამდე რაიონული გამგეობის მომსახურე პერსონალის კომპეტენცია, მათი მომსახურების სფერო ვრცელდებოდა მხოლოდ რაიონული მასშტაბით. რეფორმის შემდეგ ყველა ეს თანამშრომელი მომსახურებას გასწევს არა რაიონული, არამედ მუნიციპალური მასშტაბით“, – განმარტა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.