მუნიციპალური ბიუჯეტი VS მოსახლეობის ინტერესები – ექნებათ თუ არა მუნიციპალიტეტებს მონაწილეობითი ბიუჯეტები

1533

მიუხედავად იმისა, რომ 2 დღეში 2018 წელი დადგება, ადგილობრივ თვითმმართველობებში მომდევნო წლის ბიუჯეტების მიღების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამის მიზეზად არჩევნებს ასახელებენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ წინამორბედებს ბიუჯეტის პროექტები კანონით დადგენილ ვადაში – 10 ნოემბრამდე, ფაქტობრივად, მზად ჰქონდათ, მუნიციპალიტეტების ახალმა თავკაცებმა მათი კორექტირება გადაწყვიტეს.

უცვლელია პრიორიტეტები – პირველ ადგილს კვლავ მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იკავებს. ასევე, უცვლელია ბიუჯეტის ფორმირების მანკიერი პრაქტიკაც – პრიორიტეტებისა და პროექტების მოსახლეობის მონაწილეობის გარეშე შედგენა. მიუხედავად იმისა, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საკრებულოებს საჯარო განხილვებს ავალდებულებს, განხილვები უმეტესად არ ტარდება, ან, თუ ტარდება, ფორმალურად, პარტიულ აქტივთან.

მიუხედავად ამ მანკიერი პრაქტიკისა, გასულ წლებში ორი მუნიციპალიტეტი სასიამოვნო გამონაკლისად იქცა – მარნეული და თვითმმართველი ქალაქი გორი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გააუქმეს და კვლავ სათემო მუნიციპალიტეტს შეუერთეს. სწორედ ამ ორ მუნიციპალიტეტში დაინერგა მონაწილეობითი ბიუჯეტი. ეს იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალურ ბიუჯეტში გამოყოფილი იყო გარკვეული თანხა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დაგეგმილი პრიორიტეტებისა და შედგენილი პროექტების მიხედვით იხარჯებოდა. ამ სიახლის დანერგვისთვის 2015 წლის ბოლოს მარნეულის გამგეობა ინოვაციური პროექტის წამოწყებისთვის დაჯილდოვდა კიდეც.

სწორედ მარნეულის მუნიციპალიტეტი იყო კავკასიაში პირველი, სადაც 2015 წელს მონაწილეობითი ბიუჯეტი დაინერგა. ანუ ადგილობრივი ბიუჯეტის განაწილებისა და ხარჯვის პროცესში  მოსახლეობა ჩაერთო. პირველივე წელს თანამონაწილეობითი პროექტებისთვის 1 500 000 ლარი გამოიყო და მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში მოსახლეობა სკეპტიკურად იყო განწყობილი, 49 განაცხადი შევიდა, საიდანაც 34 დაფინანსდა.

„ამ თემაზე რომ დავიწყეთ საუბარი, საზოგადოების დიდი ნაწილი სპექტიკურად იყო განწყობილი. გვეუბნებოდნენ, რომ მარნეულის პირობებში მონაწილეობითი ბიუჯეტის დაგეგმვა შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ ძალიან სწრაფად, ფაქტიურად, პირველივე წელს, საკმაოდ დიდი შრომის შედეგად, პროექტმა მოსახლეობაში დიდი ინტერესი გამოიწვია. მუნიციპალიტეტი დაყოფილი იყო ჯერ სამ ნაწილად, მერე – ექვსად. იქ კოორდინატორები იყვნენ, რომლებიც უხსნიდნენ მოსახლეობას, თუ რას ნიშნავდა მონაწილეობითი ბიუჯეტი, ადგენდნენ პროექტებს, რაშიც არასამთავრობო ორგანიზაციები და ჩვენი თანამშრომლები ეხმარებოდნენ. განაცხადის ფორმაც შევიმუშავეთ, რომ პროექტის შედგენა გაადვილებოდათ. შემოჰქონდათ პროექტები და მერე იმართებოდა კონკურსი იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად შედიოდა მუნიციპალიტეტის კომპეტენციაში აღნიშნული პროექტის განხორციელება, რა სირთულის იყო, ეტეოდა თუ არა ბიუჯეტში და ა.შ. შემდეგ უკვე მუნიციპალიტეტი გადიოდა გვერდზე და მოქალაქეები თვითონ ირჩევდნენ, რომელი პროექტი დაფინანსდებოდა. ეს იყო ძალიან საინტერესო და შედეგიანი პროცესი, რაშიც ენთუზიაზმით ერთვებოდა ადგილობრივი მოსახლეობა“, – იხსენებს მარნეულის ყოფილი გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი.

თანამონაწილეობითი სამოქალაქო ბიუჯეტი გამჭვირვალე და დემოკრატიული მოდელია, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, თავად გადაწყვიტონ, თუ რაში დახარჯონ ფული და ჰქონდეთ პირდაპირი გავლენა ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტზე. თუმცა, მისი დანერგვა ყველა მუნიციპალიტეტის მასშტაბით არ მომხდარა. ექსპერიმენტზე მარნეული წავიდა და სამოქალაქო ბიუჯეტისთვის მუნიციპალიტეტის ფულადი სახსრებიდან 5% გამოყო.

„როდესაც მოქალაქე თვითონ არის ჩართული ბიუჯეტის დაგეგმვაში, როდესაც მონიტორინგს უწევს პროექტის განხორციელებას, შემდგომში მეტი გულისტკივილით და გულისყურით ეკიდება მის მოვლას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, რაც მონაწილეობითი ბიუჯეტის დაგეგმვამ მოიტანა, ეს არის ცნობიერების ამაღლება. თავიდან რომ შემოდიოდა პროექტები, გვეუბნებოდნენ, რომ მაგალითად, 40 ათასად გამიკეთე სამი კილომეტრი გზა. ეს ხომ შეუძლებელია. მერე უკვე მიხვდნენ, გზის დაგება რა ჯდება, სკვერის მოწყობა რა ხარჯებთან არის დაკავშირებული. ეს არის მუნიციპალიტეტის და მოსახლეობის ერთობლივი მუშაობის შედეგი“, – აცხადებს მერაბ თოფჩიშვილი.

მარნეულს მონაწილეობითი ბიუჯეტის დაგეგმვაში პოლონური ფონდი „სხვა სივრცე“ დაეხმარა. თავის მხრივ, ამ ტიპის ბიუჯეტის პოპულარიზაციას მარნეულის ყოფილი ხელისუფლებაც შეეცადა და დანერგილი პრაქტიკის გასაცნობად საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტები მიიწვია. ქალაქი გორი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მარნეულის პრაქტიკა გაიზიარა და მონაწილეობითი ბიუჯეტი დანერგა.

„ძალიან დიდია მოსახლეობის ჩართულობა და ინტერესი. მან, ვინც გაიგო მონაწილეობითი ბიუჯეტის ფასი და ერთი პროექტი მაინც გააკეთა, უკვე მეორედ და მესამედ ითხოვს ჩართულობას. დღეისათვის ამხანაგობების 80 % დაინტერესებულია ჩვენთან თანამშრომლობით. დანარჩენ კორპუსებს ამხანაგობა მხოლოდ ფორმალურად აქვს. აირჩევენ თავმჯდომარეს, მაგრამ ის ვერაფერს აკეთებს. გვაქვს 5-6 კორპუსი, რომლებმაც ამ სამი წლის განმავლობაში 3 პროექტი განახორციელა – გადახურეს სახურავები, შეცვალეს კანალიზაცია, დააგეს ასფალტი… სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა წყალი, კანალიზაცია, სახურავი 90/10%-ზე ფინანსდება, ხოლო, მაგალითად, სადარბაზოების მოწყობა და ეზოს მოასფალტება – 80/20%-ზე“, – აცხადებს ჩვენთან საუბარში გორის მერიის არქიტექტურის სამსახურის სპეციალისტი, აკაკი ხუფენია.

გორში ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობისთვის ამხანაგობის შექმნაა საჭირო. შემდეგ მოსახლეობა თვითონ ირჩევს, რა აქვთ გასაკეთებელი, რომელია მათ შორის პრიორიტეტული. ორივე მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ თავიდან მოსახლეობას უჭირს კონსენსუსის მიღწევა, თუმცა, აუცილებელ საჭიროებაზე საბოლოოდ მაინც თანხმებიან. თუ პროექტის წერის გამოცდილება არ აქვთ, საპროექტო სამსახურს მიმართავენ და ხარჯთაღრიცხვას აკეთებინებენ. საბოლოოდ, პროექტს მუნიციპალიტეტში წარადგენენ, თანადაფინანსებით გათვალისწინებულ თავიანთ წილს კი საბანკო ანგარიშზე ანთავსებენ.

როგორც ამ ორი მუნიციპალიტეტის ახლანდელი ხელმძღვანელები გვეუბნებიან, მონაწილეობითი ბიუჯეტის დანერგვა გრძელდება, თუმცა, რა ოდენობის თანხებს გამოყოფენ 2018 წლის სამოქალაქო ბიუჯეტისთვის, უცნობია. Droa.ge შეეცადა, გაერკვია 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით რა თანხა იქნება გათვალისწინებული სამოქალაქო ბიუჯეტისთვის, თუმცა, ვერც მარნეულის და ვერც გორის ადგილობრივი ხელისუფლება ამ ეტაპზე ვერც თანხას აკონკრეტებს და ვერც საერთო ბიუჯეტში სამოქალაქო ბიუჯეტის პროცენტულ წილს.

„აღნიშნული  პროექტის  ფარგლებში, მიმდინარე წელს შემოსული 107 საპროექტო განაცხადიდან 38-მა პროექტმა გაიმარჯვა, რომელთა განხორციელებისთვის თანხა 2018 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში იქნა გათვალისწინებული. აქვე, გაცნობებთ, რომ  „სამოქალაქო ბიუჯეტის“ განხორციელება მომავალშიც იგეგმება, უფრო კონკრეტულად კი, მომდევნო წლის გაზაფხულიდან დაიწყება 2019 წლის „სამოქალაქო ბიუჯეტის“ დაგეგმვის პროცესი  და მომავალი სამი წლის – 2020, 2021 და 2022 წლების ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრა“, – გვითხრა მარნეულის ახლანდელმა მერმა, თემურ აბაზოვმა.

მიუხედავად ამ განცხადებისა, droa.ge-მ მარნეულის 2018 წლის ბიუჯეტში, რომელიც საკრებულომ დღეს უნდა დაამტკიცოს, ვერც მონაწილეობითი ბიუჯეტისთვის გამოყოფილი თანხები და ვერც ამ თანხებით განსახორციელებელი პროექტების ჩამონათვალი აღმოაჩინა. არც მერიის მიერ საკრებულოსთვის წარდგენილ პრიორიტეტების სამწლიან დოკუმენტშია ამ მიმართულებით რამე აღნიშნული. ადგილობრივი მედია კი წერს, რომ საკრებულო ბიუჯეტს ისე ამტკიცებს, რომ პროექტის საჯარო განხილვა არ ჩატარებულა. მარნეულის რადიოსთან კომენტარში საკრებულოს აპარატის უფროსი ნინო ბერიძე ამბობს, რომ საჯარო განხილვად მათ მიერ ბიუჯეტის პროექტის საიტზე გამოქვეყნება ითვლება. „საჯარო განხილვა ნიშნავს საჯაროდ გამოქვეყნებას, კანონში ჩაიხედეთ, საჯარო განხილვა ნიშნავს ბიუჯეტის საჯაროდ გამოქვეყნებას, განვათავსეთ, ელექტრონულად განთავსებულია ბიუჯეტი, საჯარო განხილვის პროცესი გავლილია“, – უთხრა ნინო ბერიძემ მარნეულის რადიოს.

მუნიციპალიტეტის ახლანდელმა მერმა თემურ აბაზოვმა კი, რომელმაც  droa.ge-ს უთხრა, რომ მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტს აგრძელებს, საპირისპირო თქვა იმავე მარნეულის რადიოსთან. მისი თქმით, ბიუჯეტის ფორმირების პროცესი ჯერ არ დასრულებულა და მოსახლეობასთან მისი განხილვაც ამ დრომდე ამიტომ არ მომხდარა. „პროცესში ვართ და მოესწრება, თუ რამე არ შეიცვალა“, – ასეთი იყო აბაზოვის პასუხი.

ბევრი მცდელობის მიუხედავად, droa.ge-სთვის მაინც გაურკვეველი დარჩა, გაგრძელდება თუ არა მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტი იმ ორ მუნიციპალიტეტში მაინც, სადაც ის წარმატებით დაინერგა. სხვა მუნიციპალიტეტები რომ ამ პრაქტიკის დანერგვას არ გეგმავენ, ეს მათი ბიუჯეტის ფორმირების პროცესმა კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაგვანახა. არადა, კანონმდებლობით, „ადგილობრივი თვითმმართველობა არის თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები“. სამწუხაროდ, ადგილობრივ ხელისუფლებებს ადგილობრივი თვითმმართველობის უმთავრესი არსის გაცნობიერება ამ დრომდე უჭირთ.