სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის მოსახლეობა საარჩევნო დაპირების შესრულებას ითხოვს და ადგილობრივ თვითმმართველობას დაზიანებული გზის შეკეთებას სთხოვს. გზის, რომელიც შემაღლებულ გორაკებზე მცხოვრებ მოსახლეობას დანარჩენ სოფელთან აკავშირებს. ამჟამად სოფლის გზა იმდენად დაზიანებულია, რომ იქ მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებს შეუძლია გადაადგილება. მოსახლეობის სახლებამდე ვერც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები აღწევენ.
„ადამიანი რომ ცუდად ხდება, სასწარაფო დახმარების მანქანა იმ გზაზე ვერ გადადის და საბანში შეხვეული ადამიანები ჩამოჰყავთ მანქანამდე თანასოფლელებს. წვიმების შემდეგ იქ გადაადგილება შეუძლებელია. ბევრი სატკივარი გვაქვს სოფელს, წყალი, უმუშევრობა, სოციალური პრობლემები, მაგრამ ახლა იმას ვითხოვთ, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება და რასაც დაგვპირდნენ“, – ამბობს droa.ge-სთან საუბარში ნინო გოგოლაშვილი, ანაგის მცხოვრები და სოფლის მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფის წევრი.
ანაგის მოსახლეობამ გზის მოასფალტების მოთხოვნით პრემიერ-მინისტრის სახელზე ონლაინ-განცხადებაც გაავრცელა. პარალელურად სოფელში ხელმოწერების შეგროვაც მიმდინარეობს. რამდენიმე დღის წინ სიღნაღის მერი გიორგი გოგილაშვილი მედიასაშუალებებთან საუბარში ამბობდა, რომ მოსახლეობის მოთხოვნა 2018 წელს შესრულდებოდა, თუმცა, გუშინ სიღნაღში ადგილობრივ ხელისუფლებასა და სოფელ ანაგის საინიციატივო ჯგუფს შორის გამართულ შეხვედრაზე განსხვავებული განაცხადი გააკეთა. მოსახლეობის თქმით, მერიამ პრიორიტეტები ისე დაალაგა, რომ მათ სოფელში გზის შეკეთება 2018 წლის გეგმებში ვერ მოხვდა.
„მერმა გაცებმული პირობა გადათქვა და განაცხადა, რომ ბიუჯეტი არ ჰყოფნით და პრიორიტეტებში ანაგის გზის შეკეთება ვერ მოხვდა. ჩვენ შევთავაზეთ აქტივობა და გვერდში დგომა, თუმცა, მერი უარზეა. წინასაარჩევნო დაპირება იყო, პირადად ლადო სვიმონიშვილი, საკრებულოს წევრი დაგვპირდა, რომ თავის თავზე აიღებდა და ამ საკითხს გაიტანდა, მაგრამ ახლა გაჩუმებულია. ამიტომ გადავწყვიტეთ, გავაკეთოთ აქცია, რადგან ეს მარტო ჩვენი სოფლის პრობლემა არ არის, ეს არის თვითმმართველობის უმოქმედობის პრობლემა“, – აცხადებს ნინო გოგოლაშვილი.
700-მეტრიანი გზის მონაკვეთის შეკეთებას, როგორც სიღნაღის ვიცემერი მადონა ბატიაშვილი აცხადებს, დაახლოებით 900 ათასი ლარი სჭირდება, რაც ადგილობრივი ბიუჯეტისთვის მძიმე ტვირთია.
„მუნიციპალიტეტში 14 სოფელი შედის. ანაგა ერთ-ერთი დიდი სოფელია და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ ადამიანების პრობლემის რაც შეიძლება მოკლე დროში მოგვარება. გუშინ საინიციატივო ჯგუფი ითხოვდა, დაუყოვნებლივ მოგვეცით პასუხიო. როცა მუნიციპალიტეტს 6-მილიონიანი ბიუჯეტი აქვს და 14 სოფელს უნდა მიხედოს, ერთი სოფლისთვის ვერ გამოყოფ 900 ათას ლარს, იმიტომ, რომ გვაქვს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები გადასაჭრელი – ბაღების რეაბილიტაცია, წყალმომარაგების სისტემები, ამიტომ გონივრულად უნდა ადგილობრივ ბიუჯეტს გადანაწილება. ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს ტრანსფერები და ჩვენ ვითხოვთ დახმარებას, რომ მსგავსი პრობლემები გადაიჭრას. წელს თუ არა, მომავალ წელს მაინც აუცილებლად იქნება ეს გადაჭრილი. ვიცი, რომ პეტიცია აქვთ პრემიერის სახელზე. ჩვენ კოორდინირებულად ვიმუშავებთ როგორც მთავრობასთან, ისე ინფრასტრუქტურის სამინისტროთან და ეს პრობლემა ძალიან მალე გადაიჭრება.“ – განუცხადა droa.ge-ს მადონა ბატიაშვილმა.
ის, რომ მუნიციპალური ბიუჯეტი მწირია და თანხები ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტას არ ჰყოფნის, ეს არახალია. სწორედ ამგვარი პროექტების განსახორციელებლად ადგილობრივ თვითმმართველობებს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, კაპიტალური ტრანსფერის სახით, შესაბამისი თანხები გადაეცემათ, თუმცა, ამისთვის მუნიციპალიტეტებმა თავად უნდა გამოყონ პრიორიტეტები, მოამზადონ პროექტი და რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას წარუდგინონ.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების 200-მილიონიანი ფონდიდან თითოეულ მუნიციპალიტეტს ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარი ხვდება. იმ შემთხვევაში, თუ პროექტი ძვირადღირებულია, მუნიციპალიტეტს შეუძლია, ის 2 წელზე გაანაწილოს და გარდამავალი პროექტის სახით წარადგინოს. ამ პროცედურის გავლისთვის კი უმთავრესი სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიურობა და საკითხის გადაწყვეტის სურვილია.
მანამდე კი, ვიდრე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება კოორდინირებულ მუშაობას დაგეგმავდეს, უგზოობით შეწუხებული მოსახლეობა ხვალ ანაგის ცენტრში შეიკრიბება და პროტესტის ნიშნად ცენტრალურ გზას გადაკეტავს.