თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატურად მერაბ ქვარაია განიხილება

1360

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატურად მერაბ ქვარაია განიხილება.

ქვარაია ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატია “ქართული ოცნებიდან” და ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებს. როგორც კულუარებში ამბობენ, მას კომიტეტის თავმჯდომარეობის ყველაზე მეტი შანსი აქვს, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

ქვარაიას პარლამენტში საქმიანობისას ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილება საკუთარი ქალაქისთვის – ზუგდიდისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმების მხარდაჭერა იყო, რის გამოც მას ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება დღემდე აკრიტიკებს. მაშინ ქვარაია ამბობდა, რომ ზუგდიდისთვის სტატუსის გაუქმებით ტრაგიკული არაფერი მოხდებოდა. უფრო ადრე კი – 2014 წელს თავადვე ხელმძღვანელობდა იმ საინიციატივო ჯგუფს, რომელიც ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებას ითხოვდა.

თავად ქვარაიამ droa.ge-ს დაუდასტურა, რომ მისი კანდიდატურა ერთ-ერთია, ვინც კომიტეტის თავმჯდომარედ მოიაზრება, თუმცა, აქვე, დასძინა, რომ სხვა კანდიდატურებზე მსჯელობაც მიმდინარეობს.

კომიტეტის თავმჯდომარეობა, როგორც წინა შემთხვევაში, ცხადია, ახლაც “ქართული ოცნების” წევრს ერგება. მმართველი პარტიიდან კომიტეტის წევრები, ვისაც, შესაძლოა, პოსტის დაკავების სურვილი ჰქონდეს, ცოტა არ არის. მაგალითად, ამ კომიტეტის წევრები არიან ზაქარია ქუცნაშვილი, დავით სონღულაშვილი, დიმიტრი სამხარაძე, გოგა გულორდავა, ბექა ოდიშარია და არჩილ ხაბაძე, რაც, ცხადია, ამ პოსტზე კონკურენციას ამძაფრებს.

ამავე კომიტეტში თავმჯდომარის პირველი მოადგილეა ერეკლე ტრიპოლსკი, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში სწორედ თვითმმართველობის კომიტეტს ხელმძღვანელობდა, თუმცა, droa.ge-ს ინფორმაციით, მას ამჯერად კომიტეტის თავმჯდომარეობა აღარ სურს.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მომდევნო კვირიდან გახდება, როცა კომიტეტის ამჟამინდელი თავმჯდომარე, “ქართული ოცნების” წევრი გრიგოლ ლილუაშვილი პარლამენტს დატოვებს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ვახტანგ გომელაურის მოადგილედ გადაინაცვლებს.