ირაკლი კობახიძე: “დეცენტრალიზაციისთვის საჭიროა პოლიტიკური ნება და საკითხის სწორი გააზრება”

1003

„დღეს არის ის დრო, როცა შესაძლებელია მყარი პოლიტიკური ნების საფუძველზე, ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში რეფორმის სწორად ჩამოყალიბება და დაგეგმვა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის პირველი ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა ქვეყნისა და ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

„თვითმმართველობის რეფორმა, დეცენტრალიზაცია არის პრიორიტეტი ხელისუფლებისთვის. იმისთვის, რომ რეფორმა განხორციელდეს, საჭიროა შესაბამისი პოლიტიკური ნება და საჭიროა საკითხის სწორი გააზრება. საქართველოში მუდმივად იყო პრობლემა ამ მიმართულებით. ხან პოლიტიკური ნება არ იყო, ხან იყო ნება, მაგრამ საკითხები სწორად არ იყო გააზრებული. დღეს ვფიქრობთ, არის ის დრო, როცა შესაძლებელია მყარი პოლიტიკური ნების საფუძველზე სწორად ჩამოყალიბება და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში რეფორმის დაგეგმვა “,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული სტანდარტების მისაღწევად ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი.

კობახიძემ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავებაზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ ეს უნდა იყოს კომპლექსური დოკუმენტი, რომელშიც მკაფიო საშუალო ვადიანი მიზნები აისახება.

„ეს მიზნები უნდა იყოს ხელშესახები, ინდიკატორები უნდა იყოს გამოკვეთილი და ამის საფუძველზე უნდა განხორციელდეს კომპლექსური რეფორმა ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში. დეცენტრალიზაცია კლასიკური გაგებით ნიშნავს მეტ უფლებამოსილებებს და მეტ რესურსებს ადგილობრივი თვითმმართველობისთვის და ზუსტად ამ კლასიკურ დეფინიციას უნდა დაეფუძნოს ის რეფორმა, რომელიც უნდა გატარდეს ჩვენს ქვეყანაში. უფლებამოსილებების და რესურსების კუთხით ჩვენ გვაქვს აცდენა ევროპულ სტანდარტებთან. ფისკალური დეცენტრალიზაციის კუთხით მაჩვენებლები არის საკმაოდ დაბალი. ჩვენ თუ ავიღებთ ევროპულ მაჩვენებელს, ფისკალური დეცენტრალიზაციის მაჩვენებელი არის დაახლოებით, მინიმუმ 7 %, საუბარი მაქვს თვითმმართველობების შემოსავლების წილზე მშპ-სთან მიმართებით, საქართველოში ეს მაჩვენებელი არის დაახლოებით, 3,7 %, ანუ, საჭიროა, სულ მცირე, თვითმმართველობის რესურსების გაორმაგება იმისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ სტანდარტებს და დეცენტრალიზაციის ევროპულ სტანდარტებს, რაც, ბუნებრივია, ერთ წელიწადში, შეიძლება, ვერ მოხერხდეს, თუმცა, ამიტომ არის საჭირო საშუალოვადიანი ხედვა, შესაბამისი სტრატეგია, რათა თვითმმართველობები აღიჭურვოს დამატებითი რესურსებით და რესურსებთან ერთად, ისინი უნდა აღიჭურვონ დამატებითი უფლებამოსილებებით. არის მთელი რიგი კომპეტენციები, რომლებიც ბევრად უფრო ეფექტიანად შეიძლება განხორციელდეს ადგილობრივ დონეზე, ვიდრე ცენტრალური სამინისტროების მიერ და საჭიროა გეგმაზომიერი მუშაობა იმისთვის, რომ ეს უფლებამოსილებები გადავიტანოთ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, დეცენტრალიზაციასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვას. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, მეტი უფლებამოსილება და რესურსი მეტ რისკსაც ნიშნავს და იმისთვის, რომ რისკები მაქსიმალურად განეიტრალდეს, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვაა საჭირო.

ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობა. მისი შეფასებით, ამისთვის კონკრეტული ინსტრუმენტების შემუშავებაა საჭირო. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებაში სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების როლზეც.

„ერთად უნდა ვიზრუნოთ ყველამ იმისთვის, რომ კარგი მმართველობის პრინციპები, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების პრინციპები დაინერგოს თვითმმართველობის დონეზე და ვიტყოდი, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მოქალაქეთა მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში. თვითმმართველობა იმით განსხვავდება მმართველობის სხვა ფორმებისგან, რომ ის ეფუძნება მოქალაქეთა მაქსიმალურად აქტიურ ჩართულობას თვითმმართველობაში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოქალაქეების მაქსიმალურ სიახლოვეს და ჩვენთან, ბუნებრივია, პრობლემები აღინიშნება. არ არის მაინცდამაინც დაახლოებული ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობასთან. მეტი არის აქ გასაკეთებელი, მეტია საჭირო და ამისთვის საჭიროა კონკრეტული ინსტრუმენტების შემუშავება და საჭიროა ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფერში სამოქალაქო საზოგადოებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების როლი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობარი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ პროცესზე, რომელიც უკვე დაწყებულია, საუბარია დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავებაზე, ეს პროცესი უნდა წარიმართოს და წარიმართება სამოქალაქო საზოგადოებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობით. უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ ერთად განვიხილოთ სტრატეგიასთან დაკავშირებული საკითხები“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პარლამენტი, რომელიც მჭიდროდ ითანამშრომლებს მთავრობასთან.

„ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, პარლამენტის აქტიური მონაწილეობა ამ საქმეში, რა თქმა უნდა, ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ მთავრობასთან, კერძოდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ამ სტრატეგიის საშუალოვადიანი დოკუმენტის მომზადების პროცესში და საბოლოო ჯამში, მთავარია, დოკუმენტი იყოს ხელშესახები, მან მოგვცეს მკაფიო ინდიკატორები იმისა, თუ რას უნდა მივაღწიოთ და ასეთ შემთხვევაში, საბოლოო მიზანი – დეცენტრალიზაციის მიზანი აუცილებლად შესრულდება. საჭიროა პოლიტიკური ნება, საჭიროა სწორი გააზრება საკითხის. ვფიქრობთ, რომ ორივე მიმართულებით გვაქვს რესურსი და იმედი გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა. პროექტი ფონდის – „ღია საზოგადოება – საქართველო“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.