შედეგები, რომელიც თვითმმართველობებს ქმედუუნაროს ხდის – როგორია პოლიტიკურ ძალთა განაწილება იმერეთში

1777

იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის ახლადარჩეული ორგანოები საქმიანობას შეუდგნენ. მათ შორის, ქუთაისის მერიც, რომელმაც არჩევნებში გამარჯვება მეორე ტურის შედეგებით შეძლო.

იმერეთის მხარეშიც, ისევე, როგორც საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში, მმართველმა პარტიამ ლიდერის პოზიციები შეინარჩუნა. 1 თვითმმართველ ქალაქში – ქუთაისში და 11 თვითმმართველ თემში მერის არჩევნებში კვლავ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს, საკრებულოებშიც უმრავლესობა ამავე პარტიის წევრებმა დააკომპლექტეს.

რამდენიმე მუნიციპალიტეტში კი იყო ისეთი შედეგებიც, წინა ხელისუფლებებსაც რომ შეშურდებოდათ – კომპარტიიდან დაწყებული – ნაცმოძრაობით დამთავრებული.

ჯამში, მთელი იმერეთის მასშტაბით, 12 მუნიციპალიტეტის 12 საკრებულოს 379 წევრიდან ყველა ოპოზიციურ პარტიას ერთად მხოლოდ 76 წევრი ჰყავს. ასევე, მთელი რეგიონის მასშტაბით, არჩევნებში ერთადერთმა დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა კანდიდატმა გაიმარჯვა – ეს გახლავთ კახა ფირცხალავა, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის მაჟორიტარი დეპუტატი.

ერთადერთი თვითმმართველი ქალაქი, სადაც მმართველ გუნდს პირველ ტურში გამარჯვება გაუჭირდა, ქუთაისი იყო. ამიტომაც გიორგი ჭიღვარია ქუთაისის მერად მეორე ტურის შედეგებით – 87.55%-ით გახდა. ჭიღვარიას მეორე ტურში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე უპირისპირდებოდა, თუმცა, პარტიის გადაწყვეტილების შესაბამისად, მან არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა. ამის მიუხედავად, მეორე ტურში ვაშაძემ მისულ ამომრჩეველთა 12.45%-ის მხარდაჭერა მაინც მიიღო.

რაც შეეხება ქუთაისის საკრებულოში პოლიტიკურ ძალთა გადანაწილებას, პროპორციული წესით ქუთაისის წარმომადგენლობით ორგანოში სამი პარტია – “ქართული ოცნება” – 9 წევრით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 4 წევრით და “ევროპული საქართველო” – 2 წევრით მოხვდნენ.

მაჟორიტარულ არჩევნებში მმართველმა პარტიამ სხვა საარჩევნო სუბიექტები ათივე მაჟორიტარულ ოლქში დაამარცხა, რის შედეგადაც, ქუთაისის 25-წევრიან საკრებულოში, საბოლოოდ, პოლიტიკურ ძალთა გადანაწილება ასეთია: 2 წევრი – “ევროპული საქართველოდან”. 4 წევრი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, ხოლო 19 წევრი – “ქართული ოცნებიდან”. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წარმომადგენლობით ორგანოში ფრაქციის შექმნა მხოლოდ ორ პარტიას – “ქართულ ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას” შეეძლებათ.

ქალთა მონაწილეობით ქუთაისის საკრებულო დიდად ვერ დაიკვეხნის. 25-კაციან საკრებულოში ქალი დეპუტატი მხოლოდ ხუთია – ერთი “ევროპული საქართველოდან”, 4 კი – “ქართული ოცნებიდან”. აღსანიშნავია, რომ ქალაქის ახალ მერს ერთი მოადგილე ქალი ეყოლება. მან ამ პოსტზე ნინო თვალთვაძე უკვე დანიშნა.

მრავალპარტიული საკრებულო ჰყავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, სადაც წარმომადგენლობით ორგანოში ხუთი პოლიტიკური პარტია მოხვდა – “ქართული ოცნება”, “შენების მოძრაობა”, “ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო” და “პატრიოტთა ალიანსი”. თუმცა, მრავალპარტიულობის მიუხედავად, ოპოზიცია საკრებულოში მაინც სუსტადაა წარმოდგენილი: ჯამში, ოთხ ოპოზიციურ პარტიას პროპორციული წესით 6 ადგილი ერგო: “ევროპულ საქართველოსა” და “ნაციონალურ მოძრაობას” – 2-2, ხოლო “შენების მოძრაობასა” და “პატრიოტთა ალიანსს” თითო-თითო წევრი. “ქართულმა ოცნებამ” კი პროპორციული წესით 9 წევრი გაიყვანა.

რაც შეეხება მაჟორიტარული წესით საკრებულოში მოხვედრილ კანდიდატებს, ოცი მაჟორიტარული ოლქიდან მხოლოდ ერთში, ფარცხნალის თემში, გაიმარჯვა “შენების მოძრაობის” კანდიდატმა, დანარჩენი 19 მაჟორიტარული ოლქიდან წარმომადგენლობით ორგანოში მმართველი პარტიის წევრები შევიდნენ.

1 მაჟორიტარი დეპუტატი დაიცავს დაბა ხარაგაულის ინტერესებს მუნიციპალიტეტში. ის მმართველი პარტიის წარმომადგენელია, დანარჩენი მაჟორიტარები კი სხვადასხვა თემის წარმომადგენლები არიან.

ჯამში, 35-წევრიან საკრებულოში უდიდესი უმრავლესობა – 28 წევრი “ქართულ ოცნებას” ჰყავს, 2-2 წევრით არიან წარმოდგენილი “შენების მოძრაობა”, “ევროპული საქართველო” და “ნაციონალური მოძრაობა”, ხოლო 1 წევრი ჰყავს “პატრიოტთა ალიანსს”.

ამ პოლიტიკური გადანაწილებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციის შექმნა მხოლოდ მმართველ პარტიას შეუძლია, სხვა პარტიებს ფრაქციის შესაქმნელად საჭირო 3 წევრი არ ჰყავთ. იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური სუბიექტები დაწყვილებას გადაწყვეტენ, წარმომადგენლობით ორგანოში კიდევ 2 ფრაქციის შექმნაა შესაძლებელი, თუმცა, ეს მხოლოდ ფრაქციისთვის საჭირო ფინანსურ რესურსებს მომატებს მათ, გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენის მოხდენის შანსი კი, ფაქტობრივად, ნულია.

რაც შეეხება ქალთა რაოდენობას ხარაგაულის წარმომადგენლობით ორგანოში, 35-კაციან საკრებულოში 10 წევრი ქალია. აქედან 2 ოპოზიციური პარტიიდან, 8 კი – მმართველი გუნდიდან.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიც, ისევე, როგორც იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებში, “ქართული ოცნების” წარმომადგენელია – ნიკოლოზ თოფურიძე. მან არჩევნებში 65.81% მიიღო.

“ქართული ოცნების” წარმომადგენელია თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიც, ბონდო სოფრომაძე, რომელმაც 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “ევროპული საქართველოს” წევრი ტარიელ ფანჩულიძე დაამარცხა.

რაც შეეხება წარმომადგენლობით ორგანოს, ის 4 პოლიტიკური პარტიით დაკომპლექტდა, თუმცა, ხარაგაულის მსგავსად, თერჯოლაშიც ოპოზიცია საკრებულოში ნომინალურად – 6 წევრითაა წარმოდგენილი – 4 წევრი “ევროპული საქართველოდან”, ხოლო თითო წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” და “პატრიოტთა ალიანსიდან”. ყველა მათგანი ოპოზიციამ პროპორციული სიით გაიყვანა, მაჟორიტარულ ოლქებში კი ოპოზიციური პარტიები მმართველ გუნდთან პირწმინდად დამარცხდნენ.

ქალაქ თერჯოლის ინტერესებს საკრებულოში 2 მაჟორიტარი დეპუტატი დაიცავს. ორივე მათგანი მმართველ პარტიას წარმოადგენს. დანარჩენი მაჟორიტარები კი სხვადასხვა თემის წარმომადგენლები არიან.

ჯამში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის 35-კაციან საკრებულოში 29 წევრი ჰყავს “ქართულ ოცნებას”, 4 წევრი – “ევროპულ საქართველოს” და თითო წევრი “პატრიოტთა ალიანსსა” და “ნაციონალურ მოძრაობას”.

ძალთა ამ გადანაწილებით, თერჯოლის საკრებულოში ფრაქციის შექმნა მხოლოდ “ქართულ ოცნებასა” და “ევროპულ საქართველოს” შეუძლიათ.

რაც შეეხება ქალთა რაოდენობას, ადგილობრივ საკრებულოში 35 წევრიდან მხოლოდ ოთხია ქალი – ერთი “ევროპული საქართველოდან”, სამი კი – “ქართული ოცნებიდან”.

თუ არ ჩავთვლით 3 ოპოზიციონერ დეპუტატს, საჩხერეში, ფაქტობრივად, საბჭოთა საქართველოს დროინდელი შედეგები გვაქვს. ამ მუნიციპალიტეტში პირველივე ტურში უდიდესი უპირატესობით – 88.2%-ით გახდა მერი “ქართული ოცნების” კანდიდატი ბენიამენ ფალავანდიშვილი, ამავე პარტიამ მოიგო თოთხმეტივე მაჟორიტარული ოლქი, ხოლო პროპორციული სისტემით 12 დეპუტატი გაიყვანა.

ქალაქ საჩხერის ინტერესებს წარმომადგენლობით ორგანოში 2 მაჟორიტარი დაიცავს, ორივე – მმართველი პარტიიდან. 12 მაჟორიტარი კი სხვადასხვა თემის წარმომადგენელია.

ჯამში, 29-კაციან საკრებულოში, 26 მმართველი პარტიიდანაა. სამი დეპუტატი კი, რომელმაც მუნიციპალიტეტში ალტერნატიული აზრი უნდა გაატაროს, “ნაციონალური მოძრაობიდან”, “ევროპული საქართველოდან” და “პატრიოტთა ალიანსიდან” არის. შესაბამისად, ფრაქციის შექმნის შესაძლებლობაც მხოლოდ “ქართულ ოცნებას” აქვს. რთული წარმოსადგენი არაა, პოლიტიკურ ძალთა ამ განლაგებით, როგორ შეძლებს ოპოზიცია საკუთარი ინიციატივების გატანას ადგილობრივ თვითმმართველობაში. აღსანიშნავია, რომ საკრებულოში მხოლოდ 5 ქალი დეპუტატია და ყველა მათგანი – მმართველი პარტიიდან.

საჩხერის შედეგებიდან არც ისე შორსაა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შედეგებიც, თუმცა, იმ განსხვავებით, რომ აქ “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა, კახაბერ მახათაძემ მხოლოდ 54.7%-ით გაიმარჯვა. მეორე-მესამე ადგილზე გასულ კანდიდატებს “ნაციონალური მოძრაობიდან” და “ევროპული საქართველოდან” არც ისე ცუდი შედეგი აქვთ, რაც, სულაც არაა გამორიცხული, მომავალ არჩევნებზე გაიზარდოს კიდეც.

რაც შეეხება წარმომადგენლობით ორგანოს, 36-წევრიან საკრებულოში ოპოზიციას მხოლოდ 7 ადგილი ერგო: 3 – “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ხოლო 2-2 “ევროპულ საქართველოსა” და “პატრიოტთა ალიანსს”. დანარჩენი 29 წევრი კი “ქართული ოცნებიდანაა” – აქედან 8 პროპორციული სიითაა გასული, ხოლო 21 მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებული წევრია.

ქალაქ ზესტაფონის ინტერესებს საკრებულოში სამი მაჟორიტარი დეპუტატი დაიცავს, სამივე მათგანი უმრავლესობის წევრია. დანარჩენი 18 მაჟორიტარი კი სხვადასხვა თემის წარმომადგენელია.

ქალთა რაოდენობა ზესტაფონის საკრებულოშიც ძალიან მცირეა – წარმომადგენლობით ორგანოს მხოლოდ 4 დეპუტატი ქალი ჰყავს.

63.08%-ით გახდა მერი “ქართული ოცნების” წარმომადგენელი არჩილ გოგსაძე ბაღდათის მუნიციპალიტეტში. მას “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გიორგი რობაქიძემ მაღალი კონკურენცია გაუწია და ჯამში თითქმის 34% მოაგროვა.

რაც შეეხება წარმომადგენლობით ორგანოს, მასში 4 პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი, თუმცა, ტრადიციულად, ოპოზიცია ქმედითი ვერც ამ მუნიციპალიტეტში იქნება. საკრებულოს 29 წევრიდან ოპოზიციას მხოლოდ 6 წევრი ჰყავს – 3 – “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, 2 – “ევროპულ საქართველოსა” და 1 – “პატრიოტთა ალიანსს”. “ქართულმა ოცნებამ” კი საკრებულოში 23 წევრი გაიყვანა. მათგან 9 პროპორციული წესით არჩეულია, 14 კი – მაჟორიტარული სისტემით.

ქალაქ ბაღდათის ინტერესებს ქალაქის საკრებულოში 2 მაჟორიტარი დეპუტატი დაიცავს, 12 მაჟორიტარი კი მუნიციპალიტეტში შემავალი სხვადასხვა თემის წარმომადგენელია.

პოლიტიკურ ძალთა ამ განლაგებით, ბაღდათის წარმომადგენლობით ორგანოში ფრაქციის შექმნა “ქართულ ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას” შეუძლიათ. თეორიული შანსია, შეიქმნას კიდევ ერთი ფრაქციაც, თუმცა, ამისთვის “ევროპული საქართველოსა” და “პატრიოტთა ალიანსს” დაწყვილება მოუწევთ, რაც, მათი პოლიტიკური მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, შეუძლებელია.

ბაღდათის საკრებულოში 5 ქალია. აქედან 1 “ნაციონალური მოძრაობის” პროპორციული სიით გახდა დეპუტატი, 4 კი მმართველ პარტიას წარმოადგენს.

საჩხერეზე არანაკლები შედეგი აჩვენა მმართველმა პარტიამ ვანის მუნიციპალიტეტშიც, სადაც საკმაოდ მაღალი შედეგით – 71.33%-ით გახდა მერი “ქართული ოცნების” კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი. ასევე, ამავე პარტიის წევრებმა მოიგეს ოცივე მაჟორიტარული ოლქიც, ხოლო პროპორციული წესით პარტიამ საკრებულოში 10 წევრი გაიყვანა.

ჯამში, ვანის 35-კაციან საკრებულოში 30 წევრი მმართველ პარტიას წარმოადგენს, 5 წევრი კი ოპოზიციას. აქედან 3 “ევროპული საქართველოს” წევრია, 2 კი – “ნაციონალური მოძრაობის”. საკრებულოს 35 წევრიდან მხოლოდ ოთხია ქალი და ოთხივე “მმართველი პარტიიდან”.

ქალაქ ვანს, ისევე, როგორც მუნიციპალიტეტში შემავალ თემებს, წარმომადგენლობით ორგანოში მხოლოდ ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს.

პოლიტიკურ ძალთა ამ განლაგებით, ვანის მუნიციპალიტეტში ფრაქციას “ქართული ოცნება” და “ევროპული საქართველო” ქმნიან, “ნაციონალურ მოძრაობას” ფრაქციის შესაქმნელად 1 წევრი აკლია.

55.79%-ით გახდა მერი “ქართული ოცნების” კანდიდატი ვალერიანე ფოცხვერია სამტრედიის მუნიციპალიტეტში.

მმართველი პარტია, ტრადიციულად, დომინირებს საკრებულოშიც. სამტრედიის თვრამეტივე მაჟორიტარული ოლქი “ქართულმა ოცნებამ” მოიგო, ხოლო პროპორციული წესით 8 წევრი გაიყვანა. რაც შეეხება ოპოზიციას, საკრებულოში სამი ოპოზიციური პარტიაა წარმოდგენილი, თუმცა, ჯამურად მათ მხოლოდ 7 დეპუტატი ჰყავთ: “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” – 4, “ევროპულ საქართველოს” – 2, ხოლო “პატრიოტთა ალიანსს” – 1. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამტრედიის წარმომადგენლობით ორგანოში ფრაქციის შექმნა მხოლოდ “ქართულ ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას” შეუძლიათ, “ევროპულ საქართველოსა” და “პატრიოტთა ალიანსს” საამისოდ წევრთა რაოდენობა არ ჰყოფნით.

ქალაქის ინტერესებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 4 მაჟორიტარი დეპუტატი დაიცავს, თითო დეპუტატი ჰყავს მუნიციპალიტეტში შემავალ დანარჩენ 14 თემს.

ჯამში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, 33 წევრიდან 26 მმართველ ძალას წარმოადგენს, 7 კი – ოპოზიციას. ქალთა რაოდენობით ვერც სამტრედიის მუნიციპალიტეტი დაიკვეხნის – წარმომადგენლობით ორგანოში მხოლოდ 4 ქალია.

მცირედით განსხვავებულია ვითარება ხონის მუნიციპალიტეტში, სადაც 56.48%-ით მერი “ქართული ოცნების” წევრი ლადო ჯურხაძე გახდა. მან არჩევნებში “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პარლამენტის წევრი აკაკი ბობოხიძე დაამარცხა. ბობოხიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 35.13% დააგროვა.

რაც შეეხება საკრებულოს არჩევნებს, აქაც მმართველ პარტიას კონკურენცია სწორედ “ევროპულმა საქართველომ” გაუწია. შედეგად კი საკრებულოში პროპორციული წესით 5, მაჟორიტარული წესით კი 3 დეპუტატი გაიყვანა. საკრებულოში მოხვდა კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, თუმცა, მას წარმომადგენლობით ორგანოში მხოლოდ 1 წევრი ჰყავს. რაც შეეხება მმართველ პარტიას, მას საკრებულოში პროპორციული წესით არჩეული 9 და მაჟორიტარული სისტემით გამარჯვებული ასევე 9 წევრი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ ერთი – ივანდიდის მაჟორიტარული ოლქი დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კახა ფირცხალავამ მოიგო. მმართველი პარტია, ჯამში, 4 მაჟორიტარულ ოლქში დამარცხდა.

ქალაქ ხონის ინტერესებს საკრებულოში 2 დეპუტატი დაიცავს, ორივე მმართველი პარტიიდან და ორივე ქალი, დანარჩენი 11 დეპუტატი კი სხვადასხვა თემის წარმომადგენელია.

რაც შეეხება ქალთა მონაწილეობას ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში, ხონის მუნიციპალიტეტს 7 ქალი დეპუტატი ჰყავს, 2 – ოპოზიციური პარტიებიდან, ხოლო 5 – “ქართული ოცნებიდან”.

ჯამში, 28-წევრიან საკრებულოში “ქართულ ოცნებას” 18 დეპუტატი წარმოადგენს, “ევროპულ საქართველოს” – 8, “ნაციონალურ მოძრაობას” – 1 და ერთიც დამოუკიდებელი დეპუტატია. პოლიტიკურ ძალთა ამ გადანაწილებით, ფრაქციების შექმნა მმართველ პარტიას და “ევროპულ საქართველოს” შეუძლიათ.

ჭიათურაში მუნიციპალიტეტის მერი “ქართული ოცნების” წევრი პაატა ნადირაძე 62.45%-ით გახდა. ამავე პარტიამ მოიგო თვრამეტივე მაჟორიტარული ოლქი. რაც შეეხება პროპორციული არჩევნების შედეგებს, საკრებულოში პროპორციული სისტემით 10 წევრი მმართველმა გუნდმა, 3 – “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, ხოლო თითო-თითო – “ევროპულმა საქართველომ” და “პატრიოტთა ალიანსმა” გაიყვანეს.

ჯამში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის 33-წევრიან საკრებულოში 28 დეპუტატი “ქართულ ოცნებას”, ხოლო ჯამურად ოპოზიციას 5 დეპუტატი ჰყავს.

ქალაქ ჭიათურის ინტერესებს საკრებულოში 3 მაჟორიტარი დეპუტატი დაიცავს, დანარჩენი 15 მაჟორიტარი კი ამავე მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემის წარმომადგენელია.

რაც შეეხება ქალთა წარმომადგენლობას საკრებულოში, მათი რაოდენობა სამია და სამივე მმართველი პარტიის წევრია.

სხვა მუნიციპალიტეტებისგან არაფრით განსხვავდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მონაცემებიც. აქაც, როგორც სხვაგან, მერი თემურ ჩუბინიძე “ქართული ოცნების” წევრია. მას მხარი არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 60.74%-მა დაუჭირა. მისმა კონკურენტმა “ნაციონალური მოძრაობიდან” კი არცთუ ისე ცუდი შედეგი აჩვენა – ლევან დოხნაძეს მხარდაჭერა ამომრჩეველთა თითქმის 25%-მა გამოუცხადა.

რაც შეეხება საკრებულოს, მის შემადგენლობაში 5 პოლიტიკური პარტის წარმომადგენელია: “ქართული ოცნების”, “ევროპული საქართველოს”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, “დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოსა” და “პატრიოტთა ალიანსის”. საკრებულოს 27 წევრიდან ოპოზიციას 8 მანდატი ერგო: “ნაციონალურ მოძრაობას”, რომელმაც პროპორციული სიით 3, ხოლო მაჟორიტარული წესით 1 მანდატი მოიპოვა, “ევროპულ საქართველოს”, რომელსაც საკრებულოში პროპორციული წესით გასული 2 წევრი ეყოლება, “დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალ საქართველოსა” და “პატრიოტთა ალიანსს”, რომლებსაც თითო-თითო მანდატი ერგოთ.

27-დან 19 წევრი ჰყავს მმართველ პარტიას. აქედან 8 მანდატი პროპორციული სიით მოიპოვა, ხოლო 11 მანდატი – მაჟორიტარული არჩევნებით. “ქართულმა ოცნებამ” ტყიბულის მხოლოდ ერთი მაჟორიტარული ოლქი “ნაციონალურ მოძრაობასთან” წააგო.

ამ მონაცემებით, ტყიბულის წარმომადგენლობით ორგანოში ფრაქციების შექმნა “ქართულ ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას” შეუძლიათ. დანარჩენ სამ პარტიას – “ევროპულ საქართველოს”, “დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალ საქართველოსა” და “პატრიოტთა ალიანსს” ფრაქციების შესაქმნელად დეპუტატთა რაოდენობა არ ჰყოფნის.

ქალაქ ტყიბულის ინტერესებს საკრებულოში 3 მაჟორიტარი დაიცავს, დანარჩენი 9 მაჟორიტარი კი მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემის წარმომადგენელია.

რაც შეეხება ქალთა რაოდენობას, ტყიბულშიც, ჭიათურის მსგავსად, მხოლოდ 3 დეპუტატი ქალია და სამივე მმართველი პარტიიდან.

არც წყალტუბოს მუნიციპალიტეტშია იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებული ვითარება. აქაც მუნიციპალიტეტის მერი “ქართული ოცნების” წევრი გრიგოლ იოსელიანი გახდა. მან არჩევნებში მონაწილეთა 52.75%-ის მხარდაჭერა მოიპოვა. მისმა მთავარმა კონკურენტმა “ნაციონალური მოძრაობიდან”, ზაზა მეტრეველმა კი 27%-მდე დააგროვა.

წყალტუბოს საკრებულოშიც, ასევე, უპირობოდ ლიდერობს “ქართული ოცნება”, რომელმაც ცხრამეტივე მაჟორიტარულ ოლქში დაამარცხა ოპოზიცია, ხოლო პროპორციული სიით დამატებით 8 მანდატი მოიპოვა. ჯამში, 34-კაციან საკრებულოში მმართველ პარტიას 27 წევრი, ერთად აღებულ ოპოზიციას კი 7 წევრი ჰყავთ. აქედან 5 წევრი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ხოლო 2 – “ევროპულ საქართველოს”.

ამ მონაცემებით, ფრაქციას “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ქმნიან, “ევროპულ საქართველოს” კი ფრაქციის შესაქმნელად 1 დეპუტატი აკლია.

ქალაქ წყალტუბოს ინტერესებს საკრებულოში სამი მაჟორიტარი დეპუტატი დაიცავს, დანარჩენ 16 თემს კი წარმომადგენლობით ორგანოში თითო მაჟორიტარი ეყოლება.

რაც შეეხება ქალ წარმომადგენლებს, საკრებულოში 5 ქალი დეპუტატი იქნება. ხუთივე მათგანი მმართველი პარტიის წევრია.

თუ რეგიონის მასშტაბით არჩევნების შედეგებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შემადგენლობას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნება” თორმეტივე მუნიციპალიტეტში ერთპიროვნული ლიდერია. სავარაუდოდ, სწორედ ერთპიროვნული გადაწყვეტილებები იქნება ძირითადი ხაზი, რომლითაც ადგილობრივი ხელისუფლებები მომდევნო 4 წლის განმავლობაში იმუშავებენ და გადაწყვეტილებების მიღებაზე ზეგავლენას ოპოზიციური ძალები უმეტესად ვერ მოახდენენ.