ცვლილება, რომელიც “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” შედის, ერთი შეხედვით, ტექნიკურია და ის მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებით არის გამოწვეული, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში კანონის ეს ჩანაწერი, შესაძლოა, მუნიციპალიტეტებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს.
საქმე ეხება ჩანაწერს, რომლითაც თვითმმართველობებისთვის უფლებამოსილების დელეგირება სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებასაც შეეძლება.
როგორც ცნობილია, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ბაზაზე იქმნება სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომლის დაქვემდებარებაშიც შსს-ს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოც შევა და ის საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება. სწორედ აქედან გამომდინარე, “ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსში” შედის ცვლილება და მუნიციპალიტეტებისთვის უფლებამოსილების მადელეგირებელ და, დელეგირების შემთხვევაში, დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოდ, სამინისტროებთან ერთად, სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაც ჩაიწერება.
მარტივად რომ ვთქვათ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საკუთარი უფლებამოსილების ნაწილს, დელეგირების უფლებით, მუნიციპალიტეტებს გადასცემს და დარგობრივ ზედამხედველობასაც გასწევს. ამ დრომდე ადგილობრივი თვითმმართველობები, მაგალითად, სტიქიების დროს ქმნიდნენ საგანგებო შტაბს, რომელიც კოორდინაციას უწევდა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს. ეს უფლებამოსილება, “სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ” კანონის თანახმად, დელეგირებული სწორედ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსგან ჰქონდათ.
უწყებრივი ცვლილების გამო, ერთი მხრივ, მართლაც ლოგიკურია, რომ ახალი სამსახურის შექმნის შემდეგ მოწესრიგდეს საკანონმდებლო ბაზა, თუმცა, ზოგადი ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, მადელეგირებელ ორგანოდ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება განისაზღვრება, ამ ტიპის სხვა სამსახურებსაც აძლევს შესაძლებლობას, რომ მუნიციპალიტეტებში საკუთარი ინტერესები უკვე ოფიციალურად გაატარონ. მაგალითად, საქართველოს კანონის “საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ” თანახმად, სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაა, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. კანონში გაჩენილი ამ ჩანაწერით კი სუს-ს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში ჩარევის კანონიერი შესაძლებლობა ეძლევა.
ამ უწყების გავლენებზე მუნიციპალიტეტებში კულუარული ინფორმაციები ხშირად გავრცელებულა, მათ შორის, მერების სახელისუფლებო კანდიდატების შერჩევისა და შემდგომში მათი საქმიანობის გაკონტროლების შესახებ. ამიტომაც, ახლა უკვე საკანონმდებლო დონეზე საკითხის ამგვარი დარეგულირება რისკებს აორმაგებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რომლის თანხმობის გარეშეც “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” ცვლილებები არ შედის, საფრთხეებს ვერ ხედავენ. სამინისტროს წარმომადგენლის, ნიკა როსებაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტებს დელეგირებული კვლავ ის ფუნქციები ექნებათ, რაც მანამდე შსს-სგან ჰქონდათ. რაც შეეხება სხვა სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების, მათ შორის, სუს-ის მიერ გარკვეული, თუნდაც მინიმალური უფლებამოსილების დელეგირებას და ამით მუნიციპალიტეტებზე ოფიციალური კონტროლის დაწესებას, როსებაშვილი ამგვარ შესაძლებლობას, ფაქტობრივად, გამორიცხავს, თუმცა, არა იმიტომ, რომ ამის უფლებას კანონი არ მისცემს, არამედ იმიტომ, რომ სუს-ს ამის სურვილი არ ექნება. შეიძლებოდა თუ არა, რომ კანონში სხვა ტიპის ჩანაწერი გაჩენილიყო, რაც ხელისუფლებას მანიპულირების შესაძლებლობას არ მისცემდა, როსებაშვილი ამბობს, რომ ამაზე იმსჯელეს, თუმცა, სხვაგვარი ჩანაწერის შემთხვევაში, შესაძლოა, დელეგირების უფლების მქონე უწყებების რაოდენობა გაზრდილიყო, რაც დამატებით პრობლემებს წარმოშობდა. ამიტომაც სწორედ ამ ტიპის ჩანაწერზე შეჯერდნენ.
როსებაშვილისგან განსხვავებით, რისკებს ხედავს ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, რომელიც 2013 წელს დაწყებული თვითმმართველობის რეფორმის ერთ-ერთი ავტორია. მისი თქმით, კანონში ამგვარი ჩანაწერის გაჩენა მანიპულაციის შესაძლებლობებს ზრდის, თუმცა, იმედოვნებს, რომ ეს სამოქალაქო უსაფრთხოების (სტიქია, ხანძარი და ა.შ.) საკითხებს არ გასცდება და ხელისუფლება მუნიციპალიტეტებზე გავლენის გასაზრდელად არ გამოიყენებს.
“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” ამგვარი ჩანაწერის გაჩენა “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების ფონზე კიდევ უფრო სარისკო ხდება.
კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უფლება ექნება, საიდუმლო თანამშრომელი მიავლინოს აღმასრულებელი ხელისუფლების ნებისმიერ ორგანოში (ყველა სამინისტროში, სსიპ-სა თუ ა(ა)იპ-ში), კერძო საწარმოში, დაწესებულებასა თუ ორგანიზაციაში; მივლინებულ მოსამსახურეს არ ექნება უფლება, გაამჟღავნოს სამსახურისადმი კუთვნილება; “ჩანერგილ” მოსამსახურეს უფლება ექნება, მივლინებულ უწყებაში დაიკავოს ნებისმიერი თანამდებობა და ვალდებული იქნება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია.
საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების პროტესტი უკვე მოჰყვა. არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ ხელისუფლება ცდილობს, სუს-ის მეშვეობით, ტოტალური კონტროლი დააწესოს საჯარო თუ კერძო უწყებებზე.
“უსაფრთხოების სამსახურის რეფორმა ქვეყნისათვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. თუმცა, რეფორმა ძლიერი და ანგარიშვალდებული უსაფრთხოების სამსახურის არსებობას უნდა ისახავდეს მიზნად. ერთი სამსახურისათვის ჭარბი, უკონტროლო ძალაუფლების და ტოტალური კონტროლის ბერკეტების მინიჭებით ვერ მივიღებთ სამსახურს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას ეფექტურად დაიცავს. ეს, მაღალი ალბათობით, გამოიწვევს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და საფუძველს შეურყევს ქვეყნის ინსტიტუციურ მართვას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კონცენტრირებული ჭარბი ძალაუფლება, ანალიზის, სამართალდაცვის, ძალის გამოყენების, პრევენციისა და გამოძიების ფუნქცია, ასევე, გარე კონტროლის სუსტი მექანიზმები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქცევს ტოტალური კონტროლის მექანიზმად, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოიყენებს თუ არა ხელისუფლება “თვითმმართველობის კოდექსში” გაჩენილ ჩანაწერს ფინანსურად და უფლებამოსილებებით სუსტი და ამის გამო ისედაც ცენტრალურ ხელისუფლებაზე მიბმული ადგილობრივი თვითმმართველობების მეტად გასაკონტროლებლად, ამას მომავალი გვიჩვენებს. ფაქტია, რომ რისკი მაღალია და ამ რისკებზე დაფიქრება ღირს, მით უფრო, რომ ამ სარისკო ცვლილებებამდე, ხელისუფლებას თვითმმართველობის რეფორმის გაგრძელებისა და ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის მეტი დამოუკიდებლობის მინიჭების პირობა საჯაროდ არაერთხელ დაუდია.