თბილისის მერიაში ე.წ. ზონალური საბჭო უქმდება

967

თბილისის მერიაში ე.წ. ზონალური საბჭო უქმდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის განცხადებით, ე.წ. ზონალური საბჭოს ფუნქციებს მერიის სამსახურები შეასრულებენ.

“მიზანშეწონილად მიმაჩნია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს, თბილისის მერიას დაქვემდებარებული განაშენიანების რეგულირების საბჭოს – ე.წ. ზონალური საბჭოს გაუქმება. ამ ინიციატივით მივმართავ შესაბამის ორგანოებს. მოგეხსენებათ, საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე წლების განმავლობაში მიიღებოდა გადაწყვეტილებები კონკრეტული განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცებისა და კოეფიციენტების მატებასთან დაკავშირებით. ჩვენ დაწყებული გვაქვს სტრუქტურული რეფორმა. მე ამასთან დაკავშირებით რამდენჯერმე ვისაუბრე, რომელიც, რასაკვირველია, აგრეთვე შეეხება ურბანული პოლიტიკის განვითარებასა და არქიტექტურის სამსახურის ფუნქციურ გარდაქმნას. ამ პროცესის დასრულებამდე ე.წ. ზონალური საბჭოს ფუნქციებს მერიის შესაბამისი სამსახურები, ჩემი პირადი კონტროლის ქვეშ განახორციელებენ“, – განაცხადა კალაძემ.