ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა შეხვედრა, სადაც საუბარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, წინასაარჩევნო კამპანიას, შედეგებს შეეხო. ასევე იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ახლადშექმნილი მუნიციპალიტეტები აღმოჩნდნენ.
ექსპერტის თვითმმართველობის საკითხებში, ირაკლი მელაშვილის განმარტებით, პირველი საკითხი, რომლის გადაწყვეტაც მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტების ეკონომიკური გაძლიერებისთვის, ეს მეტი ფინანსების მიღება და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ამ დრომდე რიცხული ქონების გადმოცემაა. მანვე აღნიშნა, რომ შენობები და სხვა ქონება ნადგურდება, რადგან სამინისტრო მოვლა-პატრონობას ქვეყნის მასშტაბით ვერ ახორციელებს. იმ შემთხვევაში კი, თუ ზრუნვას მუნიციპალიტეტი გადმოიბარებს, დამატებით შემოსავალსაც მიიღებს.
ირაკლი მელაშვილისვე თქმით, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით მუნიციპალიტეტებს აქვთ მათ ტერიტორიაზე არსებული მიწების რეგისტრაციის უფლება, რათა აქედან მიღებული ფინანსები ადგილობრივ ბიუჯეტში მიიმართოს.
„ძალიან ბევრი დასახლებაა ამ მუნიციპალიტეტში და საფრთხე იმის, რომ მათ მნიშვნელოვან ნაწილს არ შეხვდეს საჭირო თანხები, სამართლიანად არ განაწილდეს და პროექტები ვერ განხორციელდეს, ძალიან დიდია. საკრებულოს აქვს უფლება, გარკვეული წესი შეიმუშაოს, როგორ განაწილდეს ფინანსები ტერიტორიულად, პროექტები, რომ მეტ-ნაკლებად თანასწორ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სხვადასხვა დასახლების მცხოვრებლები“, – აღნიშნა ექსპერტმა.
მანვე განმარტა, რომ თუკი ფინანსური დეცენტრალიზაცია არ დაიწყება, თითქმის შეუძლებელი ხდება თვითმმართველობის გაძლიერებაზე საუბარი.
ირაკლი მელაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, არ შეიძლება მუდმივად 2012 წელთან პარარელების ძებნა, თუ რა ვითარება გვქონდა მაშინ და რა გვაქვს დღეს, არამედ მუდმივად განვითარებაზე უნდა იყვნენ ორიენტირებულები, ბევრად ეფექტური შედეგისთვის. მანვე აღნიშნა, რომ კენჭისყრის დღე დაბალი აქტივობით გამოირჩეოდა, რაც დამახასიათებელია ადგილობრივი არჩევნებისთვის. თუმცა განმარტა, მოსახლეობის თითქმის ნახევრის არმისვლა საარჩევნო უბნებზე მეტყველებს ერთ რამეზე – მათ უნდობლობაზე როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციური პარტიების მიმართ.
ირაკლი მელაშვილისვე შეფასებით, დღეს ოპოზიციის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების და დაბალი რეიტინგის მიზეზი შეიძლება ის გარემოება იყოს, რომ მათი სამოქმედო დღის წესრიგი ვერ პასუხობს საზოგადოების მოთხოვნებს და საჭიროებებს.
ექსპერტმა გამოთქვა ეჭვი, რომ პარტიების დაფინანსების კუთხით არსებული მოცემულობით შეგნებულად ხდება ცალკეული, უფრო პროგრესულად მოაზროვნე საარჩევნო სუბიექტების დაბლოკვა და ამ გზით ერთგვარად „პოლიტიკური ველის მოსუფთავება“ ხელისუფლებასთან ახლოს მდგომი პარტიებისთვის.
„ასეთი მიდგომა არა პარტიების გაძლიერების, არამედ ფრაგმენტიზაციისკენ არის მიმართული“, – აღნიშნა მან.
ირაკლი მელაშვილის განმარტებით, დღევანდელი საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეთა ხმების სათანადო ასახვას, ამიტომ ეს მიმართულებაც დასახვეწია. მან მაგალითისთვის მოიყვანა კახი კალაძის შემთხვევა, როცა მან თბილისის მერის არჩევნებში ხმების 50+1 რაოდენობა ვერ მიიღო და ზღვარი მხოლოდ გაბათილებული ბიულეტენების ხარჯზე გადალახა.
„საინტერესო საუბარი შედგა თვითმმართველობაზე, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს და გვერგო მემკვიდრეობით. გამოდის, რომ არცერთი ხელისუფლების ინტერესში არ შედის თვითმმართველობის გაძლიერება. არ ხდება არც ფინანსური დეცენტრალიზაცია, რაც დამოუკიდებელს გახდის მუნიციპალიტეტს. ყველაფერი იქითკენ არის მიმართული, რომ შენარჩუნდეს სკამები ხელისუფლებაში“, – განმარტა შეხვედრის მონაწილე საკრებულოს წევრმა „ევროპული საქართველოდან“ ირაკლი ღურწკაიამ.
თავის მხრივ, დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი ლაგვილავამ აღნიშნა, რომ არის გარკვეული ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრაზეც მუშაობენ და ეს გამოსწორდება, თუმცა ბევრი პოზიტიური დეტალია, რაზეც აუდიტორიას ექსპერტი ესაუბრა:
„ის ამბობს, რომ კარგად იყო გამოხატული ხალხის ნება და მათ მიეცათ ამის შესაძლებლობა. არის გარკვეული პრობლემები, რასაც არავინ გაურბის და ეს პრობლემები მოგვარდება. უფრო დაიხვეწება საარჩევნო გარემო“, – აღნიშნა მან.
შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით მოეწყო.
წყარო: ლაივპრესი