თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომას უხუცესი წევრი, ფრიდონ ინჯია უძღვება

1061

თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომას, კანონმდებლობის თანახმად, უხუცესი წევრი უძღვება. ეს ფუნქცია დღეს “პატრიოტთა ალიანსის” წევრს, ფრიდონ ინჯიას დაეკისრა. ინჯია სხდომაზე ჩოხით გამოცხადდა.

თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თამვჯდომარემ, თამარ ჟვანიამ გახსნა. მან არჩევნების შედეგები მიმოიხილა და საკრებულოს წევრებს არჩევა მიულოცა.

დღეს საკრებულომ თავმჯდომარე და მოადგილეები უნდა აირჩიოს. როგორც ცნობილია, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძეა წარდგენილი, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ – გიორგი ახვლედიანი, მოადგილეებად კი მარიკა დარჩია და დავით უჯმაჯურიძე.

დღესვე საკრებულო იმ წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტაზე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომლებსაც დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში საქმიანობის გაგრძელება აღარ მოისურვეს. მათ შორისაა წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, რომელიც “ქართული ოცნების” სიით კვლავ დეპუტატად აირჩიეს, თუმცა, ის ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ენის სახელმწიფო დეპარტამენტის“ თავმჯდომარედ დანიშნა.