“სამართლიანი არჩევნები”: ყველაზე მძიმე ვითარება ნასაკირალის 59-ე უბანზე იყო, სადაც არჩევნების ჩაშლას შეეცადნენ

1059

“სამართლიანი არჩევნების” ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას ყველაზე მძიმე ვითარება N60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის ნასაკირალის 59-ე უბანზე იყო, სადაც არჩევნების ჩაშლას შეეცადნენ. ამის შესახებ საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ განაცხადა.

ბენიძის ინფორმაციით, N60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #59-ე საარჩევნო უბანზე, დაბა ნასაკირალში, ხმის დათვლის პროცესის დასრულებისა და შედეგების შეჯამების შემდეგ, შემაჯამებელი ოქმის შედგენა არაგონივრულად გაჭიანურდა კომისიის თავმჯდომარის ცუდად ყოფნის მიზეზით. ამ პერიოდში, ღამის 12 საათის შემდეგ, უბანზე შეიჭრა აკრედიტაციის მქონე პირთა ჯგუფი, რომლებიც კომისიას არ აძლევდნენ მუშაობისა და შემაჯამებელი ოქმის შედგენის საშუალებას. მიუხედავად ამისა, კომისიის წევრებმა მოახერხეს საარჩევნო დოკუმენტაციის დაზიანებისგან დაცვა. მოგვიანებით, შეჭრილმა პირებმა დატოვეს უბანი და შესაძლებელი გახდა შემაჯამებელი ოქმის შედგენა. აღსანიშნავია, რომ საუბნო კომისიის თავმჯდომარე შემაჯამებელი ომის ხელმოწერაზე უარს აცხადებდა, რაც საარჩევნო კანონმდებლობით დაუშვებელია.

ორგანიზაციის ცნობით, ამავე უბანზე ხმის დათვლის პროცესში ნამდვილი ბიულეტენები, რომელზეც იკვეთებოდა ამომრჩევლის ნება დამოუკიდებელი კანდიდატის სასარგებლოდ, საუბნო კომისიამ ბათილად მიიჩნია, რაზეც „სამართლიანმა არჩევნებმა“ საჩივარი საოლქო კომისიაში წარადგინა.

ნასაკირალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ორგანიზაციამ განცხადება წუხელვე გაავრცელა, როდესაც “ქართულმა ოცნებამ” ამ უბნის შედეგების ბათილობა მოითხოვა. “სამართლიანი არჩევნების” თქმით, ამ უბნის შედეგების ბათილობის საფუძველი არ არსებობს.

დარღვევა დაფიქსირდა #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #16 საარჩევნო უბანზეც, სადაც 17 ბიულეტენი არ იყო დამოწმებული რეგისტრატორის ხელმოწერით. ბიულეტენებით არჩევანი პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატის სასარგებლოდ იყო გაკეთებული.

ბენიძის ინფორმაციით, კენჭისყრის დასრულების შემდეგ ინციდენტი მოხდა ხაშურის #32 უბნის მიმდებარედ, სადაც უბნის გარეთ შეკრებილი იყვნენ „ქართული მარშის“ წარმომადგენლები, რომელთაგან ნაწილი უბანზე შესვლას ცდილობდა და უბნის შედეგების ბათილობას ითხოვდა. თუმცა „ქართული მარშის“ წარმომადგენლები თავადვე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რადგან რამდენიმე მათგანს უბანზე შესვლა არ სურდა. საბოლოო ჯამში, სამართალდამცველებმა მათ უბანზე შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს. მოგვიანებით „ქართული მარშის“ წევრებმა გადაინაცვლეს დამოუკიდებელი კანდიდატის შტაბში, რომლის მიმდებარედ დაპირისპირება მოუვიდათ „ქართული ოცნების“ შტაბის წარმომადგენლებთან. პოლიციამ ორი პირი დააკავა, რომლებიც მალევე გამოუშვა.

ბრიფინგზე მიხეილ მენიძემ ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, 6 საარჩევნო ოლქიდან ხუთ საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ხოლო ერთში – ოზურგეთში გამარჯვება დამოუკიდებელმა კანდიდატმა მოიპოვა.

იხილეთ პრესრელიზი სრულად