“სამართლიანი არჩევნები” გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებენ

864

„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის, მიხეილ ბენიძის ინფორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით, კენჭისყრის პროცესი, ძირითადად, მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა ოზურგეთის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა და 12 საათისთვის 21.6% შეადგინა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 12:00 საათისთვის, ექვსი ოლქის მასშტაბით, ამომრჩეველთა აქტივობამ 11.5% შეადგინა, რაც უფრო დაბალი მაჩვენებელია (16.3%) არჩევნების პირველ ტურთან შედარებით.

“რაც შეეხება დარღვევებს, ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 11, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში – 10 საჩივარი; ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 2 შენიშვნა”, – განაცხადა მიხეილ ბენიძემ საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე.

ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება:

  • #36 ბორჯომის საარჩევნო ოლქის #15 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორს 2 ამომრჩეველს სიაში ხელი არ მოაწერინა;
  • #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #57 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს სიაში ხელი არ მოაწერინა.
  • #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელზე ამომრჩევლის რეგისტრაციის მისამართი მითითებული არ არის.

მარკირების არასწორად გაკეთება:

  • #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე ორმა რეგისტრატორმა 3 ამომრჩეველს მარკირება მარჯვენა ხელის ნაცვლად, მარცხენაზე გაუკეთა, მიუხედავად იმისა, რომ ამის საჭიროება არ არსებობდა.

არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემა:

  • #36 ბორჯომის საარჩევნო ოლქის #21 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ვადაგასული პირადობის მოწმობით მისცა ხმა.

ბიულეტენის არასწორად მოთავსება ყუთში:

  • #35 ხაშურის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი კონვერტის გარეშე ძირითადი ყუთის ნაცვლად გადასატან ყუთში მოათავსა.

გადასატან ყუთში კონვერტების ჩაყრა:

  • #36 ბორჯომის საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის გამყოლ კომისიის წევრებს სამი კონვერტი ჩაუვარდათ გადასატან ყუთში.

იხილეთ პრესრელიზი სრულად

არჩევნების მედიაცენტრში მიმდინარე პრესკონფერენციებს თვალი ადევნეთ პირდაპირ ეთერში