„ახალი ერთობა საქართველო“ თბილისში 6 საარჩევნო უბნის მონაცემებს ასაჩივრებს და მათ გადათვლას ითხოვს.
როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ახალი ერთობა საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, მათ არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს მანიპულაციის ფაქტები, თუ როგორ აკლებენ „ახალი ერთობა საქართველოს“ მოპოვებულ ხმას და მის ნაცვლად დაბალ ციფრებს უწერენ.
ბრიფინგზე პარტიის წარმომადგენლებმა მათ მიერ ისნის საოლქო კომისიაში გადაღებული ვიდეომასალა წარმოადგინეს, სადაც მათი თქმით, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბალანსის დასმის მიზნით „ახალი ერთობა საქართველოს“ ხმას აკლებს.
გარდა ამისა, პარტიის ლიდერმა დღევანდელ ბრიფინგზე ფოტოსურათიც წარმოადგინა, რომელიც მისი თქმით, ვაკის 50-ე საარჩევნო უბანზეა გადაღებული. ვაშაძის თქმით, ეს ასახავს იმას, რომ ამომრჩეველს „ახალი ერთობა საქართველო“ აქვს შემოხაზული და პარტიას აქვს ოქმი, სადაც იგივე საარჩევნო უბანზე ნული ხმა აქვთ მიღებული. აქედან გამომდინარე, გიორგი ვაშაძის თქმით, იმისთვის რომ საკრებულოში მათი წარმომადგენელი შევიდეს, რამდენიმე ხმა აკლდება, ამიტომაც 6 უბნის ხელახლა გადათვალს ითხოვენ.
„ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა დონის მანიპულაცია ხდებოდა. არის რიგი უბნები, სადაც ჩვენ ავიღეთ, მაგალითად 35 ხმა და დაგვიწერეს 5 ხმა, ავიღეთ 84 ხმა და დაგვიწერეს 14. რამდენიმე ასეული ხმა გვჭირდება იმისთვის, რომ გადავლახოთ ბარიერი და ჩვენი წარმომადგენელი საკრებულოში შევიდეს. ამ წუთებამდე ვასაჩივრებთ 6 საარჩევნო უბნის მონაცემებს. ველოდებით ასევე მონაცემებს და საოლქო შემაჯამებელ ოქმებს, რის შემდეგაც კიდევ გავასაჩივრებთ. ჩვენ აუცილებლად ვითხოვთ ამ უბნების შედეგების ხელახლა გადათვლას. ჩვენ ყველაზე მეტი მხარდაჭერა ვაკეში გვქონდა და ყოველ მეორე უბანზე მანიპულაციას აქვს ადგილი ჩვენს ხმებთან დაკავშირებით, ასევე საბურთალოსა და ისნის რაიონში, იქ სადაც, როგორც ჩანს, ყველაზე მძლავრი იყო ჩვენი მხარდაჭერა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
წყარო: ინტერპრესნიუსი