ლაცაბიძე: კორპუსიდან, რომლის ნაწილიც ჩამოინგრა, 9 ოჯახი, 26 ადამიანი გადაყვანილია სასტუმროებში, დანარჩენი ოჯახები ახლობლებთან გადავიდნენ – მზად ვართ, უზრუნველვყოთ ყველა პირობა, რაც აუცილებელია

355

წინა სტატია

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე აცხადებს, რომ რუსთაველის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსიდან, რომლის ნაწილიც ჩამოინგრა, 9 ოჯახი – 26 ადამიანი მერიამ სასტუმროში გადაიყვანა, ნაწილი კი ახლობლებთან განთავსდა.

ნინო ლაცაბიძის თქმით, კორპუსი ავარიული იყო და გამაგრებითი სამუშაოები მოსახლეობის მიმართვის საფუძველზე, შესაბამისი პროექტით მიმდინარეობდა.

“კორპუსზე რუსთავის მერია გამაგრებით სამუშაოებს ახორციელებდა, რაც იყო მოსახლეობის მხრიდან მომართვა. კორპუსი იყო ავარიული, გამაგრება პროექტის შესაბამისად მიმდინარეობდა. ამ ეტაპზე, აღნიშნული კორპუსიდან 9 ოჯახი, 26 ადამიანი გადაყვანილია მუნიციპალიტეტის მხრიდან სასტუმროებში, დანარჩენი ოჯახები ახლობლებთან გადავიდნენ.

საბედნიეროდ, არ არის მსხვერპლი. დაზუსტებული ინფორმაციის მიხედვით, არის ერთი დაშავებული მსუბუქი დაზიანებით. დანარჩენი დეტალები გვეცოდინება დაზუსტებით, მას შემდეგ, რაც ექსპერტები შესაბამის დათვალიერებას და კვლევას ჩაატარებენ”, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერია მზაობას გამოხატავს, საჭიროების შემთხვევაში ყველა ოჯახს შესაბამისი დახმარება გაუწიოს.

“მუნიციპალიტეტის მხრიდან აღწერილა ყველა ოჯახი, რომელიც კორპუსში ცხოვრობდა, ჯამში არის 18 ოჯახი, რომელთაგან 9 ოჯახი, 26 ადამიანი გაყვანილია სასტუმროში. გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, თუ კიდევ იქნება საჭიროება, მუნიციპალიტეტი მზად ვართ, მათთვის უზრუნველვყოთ საცხოვრებელი, საკვები და ყველა პირობა, რაც აუცილებელია“, – დასძინა ნინო ლაცაბიძემ.

შეგახსენებთ, რომ კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა ერთი პირი, 40 წლამდე ადამიანი, რომელიც კონტაქტურ მდგომარეობაში გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში.