თბილისში “ქართული ოცნების” მაჟორიტარმა კანდიდატებმა ჯამში დედაქალაქის ამომრჩეველთა მხოლოდ 21.88%-ის მხარდაჭერა მიიღეს – ვინ მიიღო ყველაზე მეტი ან ნაკლები ხმა

764

სულ მალე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისთვის განკუთვნილ 25 სავარძელს “ქართული ოცნების” წევრები სრულად დაიკავებენ. 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, თბილისის 25-ვე მაჟორიტარულ ოლქში სწორედ მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. მიუხედავად ამ გამარჯვებისა, მიღებული შედეგების ანალიზიდან ირკვევა, რომ საკრებულოს მომავალი წევრებისთვის მხარი დედაქალაქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა მხოლოდ 21.88%-ს დაუჭერია.

ამ არჩევნებზე თბილისის ამომრჩეველთა ჯამური რაოდენობა 943 423 იყო. არჩევნებზე კი ამომრჩეველთა მხოლოდ 43.4%, ანუ 409 763 ამომრჩეველი მივიდა. ოცნების მაჟორიტარ კანდიდატებს, ჯამში, მხოლოდ 206 503 ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, რაც არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 50.3%-ია, თუმცა, ჯამურ ამომრჩეველთა მხოლოდ 21.88%-ს შეადგენს.

თბილისში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატებიდან ყველაზე მეტი ხმა რიმა ბერაძემ მიიღო – მას ნდობა 14 005-მა ამომრჩეველმა გამოუცხადა. რიმა ბერაძე მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭს ჩუღურეთში იყრიდა, სადაც ჯამურად 58 006 ამომრჩეველია, თუმცა, არჩევნებზე მხოლოდ 44.74%, ანუ 26.023 ამომრჩეველი მივიდა. ჩუღურეთში ბათილი ბიულეტენების რაოდენობამ 1729 შეადგინა. ამ მონაცემების შეაბამისად, ბერაძემ არჩევნებში 57.97% მოაგროვა, თუმცა, თუ მონაცემს ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობიდან გამოვიყვანთ, ის მხოლოდ 24.14%-ს შეადგენს.

“ქართული ოცნების” თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიდან ყველაზე ნაკლები ხმა დააგროვა ქეთევან ჯოხაძემ, რომელსაც 5 337-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. ჯოხაძე კენჭს გლდანში იყრიდა. ჯამში გლდანის 10.25-ე ოლქში 26 636 ამომრჩეველია, საიდანაც საარჩევნო უბნებზე 11 364 ამომრჩეველი მივიდა. მათგან ბათილი ბიულეტენების რაოდენობამ 811 შეადგინა. საბოლოოდ, ჯოხაძემ 5 337 ამომრჩვლით 51.12% დააგროვა, თუმცა, მიცემული ხმების რაოდენობა ამომრჩეველთა ჯამური ოდენობის მხოლოდ 20.03%-ია.

ჯოხაძის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საკრებულოს მომავალმა თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ აჩვენა. ტყემალაძე კენჭს სამგორში იყრიდა და მან  5 435 ამომრჩევლის ნდობა მიიღო. სამგორის 06.13 ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 26 973-ია, საიდანაც არჩევნებში მონაწილეობა 11 350 ამომრჩეველმა მიიღო. ხმის დათვლისას 579 ბიულეტენი ბათილად ცნეს და საბოლოოდ, ტყემალაძემ, 5 435 ხმით, 50.9% დააგროვა, თუმცა, მონაცემს ამ ოლქის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობიდან თუ გამოვიყვანთ, მხოლოდ 20.14%-ს მივიღებთ.

რა შედეგი აჩვენეს “ქართული ოცნების” დანარჩენმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა, რომლებიც სულ მალე საკრებულოს სავარძლებს დაიკავებენ: ჯაბა ჯიშკარიანი (მთაწმინდა) –  12 864 ხმა; გიორგი მუსხელიშვილი (ვაკე) –  12 826 ხმა; გიორგი ბირბიჩაძე (ვაკე) –  11 290 ხმა; ვახტანგ შაქარიშვილი (საბურთალო) – 10 556 ხმა; ვლადიმერ ძნელაძე (დიდუბე) – 9 717 ხმა; თემურ გორგაძე (კრწანისი) – 9 647 ხმა; დავით უთმელიძე (საბურთალო) – 9 616 ხმა; ავთანდილ ცინცაძე (საბურთალო) – 9 266 ხმა; გიორგი დოხტურიშვილი (სამგორი) – 7 694 ხმა; ლევან დავითაშვილი (ისანი) – 7 612 ხმა; ალექსანდრე ხუჯაძე (ნაძალადევი) – 7 567 ხმა; თარაშ შურღაია (დიდუბე) – 7 219 ხმა; ილია ჯიშკარიანი (ისანი) – 7 106 ხმა; ოთარ გრიგოლია (გლდანი) – 6 990 ხმა; რევაზ სოხაძე (სამგორი) – 6 828 ხმა; დავით ჭელიძე (ნაძალადევი) – 6 799 ხმა; ქეთევან მამულაშვილი (სამგორი) – 6 722 ხმა; გულია გოცირიძე (გლდანი) – 6 688 ხმა; მიხეილ ამაშუკელი (ნაძალადევი) – 6 273 ხმა; ნინო ლაცაბიძე (ისანი) – 6 174 ხმა; შალვა ოგბაიძე (გლდანი) – 6 137 ხმა; თამარ ტალიაშვილი (ნაძალადევი) – 6 135 ხმა.

მონაცემების მიუხედავად, ლეგიტიმაცია, “საარჩევნო კოდექსის” თანახმად, ოცდახუთივე მაჟორიტარს აქვს. რთულია გაარკვიო, რამდენად გამოხატავს ეს არჩევანი დედაქალაქის ამომრჩეველთა უმრავლესობის აზრს, ან რა შედეგი დადგებოდა, არჩევნებში მონაწილეობა უფრო მეტ ამომრჩეველს რომ მიეღო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამომრჩეველთა ოფიციალური რაოდენობის მიუხედავად, არავინ იცის, რამდენია ფაქტობრივი ამომრჩეველი, რადგან მათი ნაწილი საქართველოდან წასულია. ამის მიუხედავად, მაინც ფაქტია, რომ საკრებულოს მომავალ მაჟორიტარებს დედაქალაქის ამომრჩეველთა მაღალი ლეგიტიმაცია არ მიუღიათ. ასეთ დროს კი, როგორც წესი, არჩეული პირი ანგარიშვალდებულად თავს ამომრჩევლის წინაშე უფრო ნაკლებად გრძნობს. სამაგიეროდ, ანგარიშვალდებულების გრძნობა პარტიისა და ცენტრალური ხელისუფლების მიმართ ერთიორად იზრდება. ეს კი ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობას ყველაზე მეტად აზარალებს.