1 დეკემბრიდან კვირის ბოლომდე, მელიქიშვილის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება

244

მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, უახლოეს დღეებში, ასფალტის საფარის ბოლო ფენა დაიგება, რის გამოც, პირველი დეკემბრის 00:00 საათიდან კვირის ბოლომდე, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, გუშინ დაკეტილი იყო თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) მიმდებარე ტერიტორია, დღეს საგზაო სამუშაოები უკვე დასრულებულია და საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. 

„მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს მიუახლოვდა. საკომუნიკაციო ჭის თავები უკვე წამოწეული და გასწორებულია. მიმდინარე კვირაში კი ასფალტის საფარის ბოლო ფენას დავაგებთ. აღნიშნული საგზაო სამუშაოების გამო, ამაღამ, 00:00 საათიდან კვირის ბოლომდე, მელიქიშვილის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა მთლიანად შეიზღუდება. მოძრაობა დაშვებული იქნება იმ სქემით, რომელიც გამზირის რეაბილიტაციის დასაწყისში იყო – ვარაზისხევზე მოძრაობა ორმხრივი იქნება, ჭავჭავაძის გამზირიდან წამოსული ავტომანქანები კი ვარაზისხევში ჩასვლას შეძლებენ. ეს იქნება დროებითი, რადგან კვირის ბოლოს საგზაო სამუშაოები მთლიანად დასრულდება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

სამუშაოების ფარგლებში, სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ კეკელიძის ქუჩიდან და ჭავჭავაძის გამზირიდან ვარაზისხევის მიმართულებით, ხოლო ვარაზისხევზე სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ორივე მიმართულებით. ვარაზისხევიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება, როგორც მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და თამარ მეფის გამზირის, ასევე, კოსტავას ქუჩის მიმართულებით.

კოსტავას ქუჩაზე, თბილისის საკონცერტო დარბაზისა და გმირთა მოედანს შორის არსებულ მონაკვეთზე, მოძრაობა შესაძლებელი იქნება ორივე მიმართულებით. თბილისის საკონცერტო დარბაზიდან გმირთა მოედნისკენ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ კოსტავას ქუჩიდან იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზეც, ხოლო იაკობ ნიკოლაძის ქუჩიდან,  ქუჩიშვილისა და  ღამბაშიძის ქუჩების გავლით, კვლავ კოსტავას ქუჩაზე.