საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებელ კანდიდატად რეგისტრირებულმა ჯოზეფ ალექსანდრე სმიტმა, რომელიც მესამე ადგილზე 14.04%-ით გავიდა და მცირედით ჩამორჩა ნაცმოძრაობის მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს (15.29%), საბურთალოს უბნების საკუთარი პლაკატებისგან გასუფთავება დაიწყო.
„არჩევნები დამთავრდა, ჩემი საარჩევნო პოსტერების მოხსნა არის ჩემი მოქალაქეობრივი და პოლიტიკური ვალდებულება. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომ დროულად მოხსნან თავიანთი საარჩევნო პოსტერები და დავუბრუნოთ ქალაქს არჩევნებამდელი სახე“, – ამბობს სმიტი.
დედაქალაქს, რომელსაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების “ნაიარევი” ჯერ კიდევ ატყვია, სააგიტაციო პლაკატების სიჭრელე არც ამ არჩევნებზე დაჰკლებია.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან შემორჩენილი პლაკატები
“საარჩევნო კოდექსი” შესაბამის საარჩევნო სუბიექტებს ავალდებულებს, არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყონ სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური სუბიექტების სააგიტაციო მასალა, უმეტესწილად, მანამ რჩება ქალაქის ქუჩებში, სანამ მას ქარი, მზე და წვიმა არ გააქრობს.
სააგიტაციო პლაკატები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ
იგრძნობენ თუ არა პასუხისმგებლობას ამჯერად მაინც ის პოლიტიკოსები, ვინც ჯერ კიდევ გუშინ სუფთა და მოწესრიგებულ ქალაქში ცხოვრებას გვპირდებოდნენ და მიბაძავენ თუ არა ჯოზეფ სმიტს, სულ მალე ვნახავთ. მანამდე კი კვლავ სმიტს დავუბრუნდეთ, რომელმაც არჩევნების დასრულებისთანავე თავის facebook-გვერდზე წერილი გამოაქვეყნა, გამარჯვებულ მაჟორიტარს “ქართული ოცნებიდან”, დავით უთმელიძეს გამარჯვება მიულოცა, საკუთარ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და დაგვპირდა, რომ “ეს მხოლოდ დასაწყისია”.
“პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მხარდამჭერს, ყველა მოხალისეს და ყველა მეგობარს გვერდში დგომისთვის და მადლობა ყველა ამომრჩეველს თქვენი ხმებისთვის.
ჩემი აზრით, დავდეთ სერიოზული შედეგი – მესამე ადგილი სულაც არ არის სამარცხვინო შედეგი იმის გათვალისწინებით, რომ 2 თვის წინ თითქმის უცნობი სახე ვიყავი და ფინანსური რესურსი ძალზე მწირი იყო (სულ 1800 ლარი სექტემბერში). ვერ დავიმსახურე საბურთალოს მაჟორიტარობა, თუმცა, ვფიქრობ, რომ მართლა დავისუმსახურე ადგილი მუნიციპალურ პოლიტიკაში და ეს მხოლოდ დასაწყისია. ბატონ დავითს ვულოცავ გამარჯვებას და ვუსურვებ წარმატებას.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალი ბებიები, ბაბუები, ძმები, დეიდები, ბიძაშვილები და მეგობრები შევიძინე. მიმიღეს მათ ოჯახებში, პირადად გამაცნეს მათი პრობლემები და ვფიქრობ, რომ საფუძველი ჩავუყარეთ ერთობლივ მუშაობას ამ პრობლემების მოსაგვარებლად. არ გავექცევი საბურთალოს – დღესვე შევუგდები ჩვენს გარემოზე ზრუნვის საქმეს საარჩევნო პოსტერების მოხსნით და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი წინ გვაქვს”, – წერს ჯოზეფ ალექსანდრე სმიტი.
პროფესიით ჟურნალისტი ჯოზეფ ალექსანდრე სმიტი საქართველოში უკვე მეხუთე წელია ცხოვრობს.