თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პროექტის – “ქალაქ თბილისის მეტროსადგურების მისაწვდომობის გაზრდა და გარე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების” ფარგლებში, დაახლოებით, 16 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯება.
პროექტი მოიცავს ოთხ მეტროსადგურზე მისაწვდომობის გაზრდას, ორზე დამატებითი ამოსასვლელების მოწყობას და 12 მეტროსადგურისთვის მიწისზედა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.
თბილისის მერია გეგმავს ოთხ მეტროსადგურზე – “ახმეტელის თეატრის”, “დიდუბის”, “დელისის”, “ტექნიკური უნივერსიტეტის” მისაწვდომობის გაზრდას; დამატებითი ამოსასვლელების მოწყობას მეტროსადგურების “ახმეტელის თეატრისა” და “მარჯანიშვილის” ტერიტორიაზე, ხოლო მიწისზედა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას 12 მეტროსადგურისთვის. ესენია: “ღრმაღელე”, “ნაძალადევი”, “სადგურის მოედანი”, “მარჯანიშვილი”, “რუსთაველი”,
“თავისუფლების მოედანი”, “300 არაგველი”, “ისანი”, “ტექნიკური უნივერსიტეტი”,
“დელისი”, “დიდუბე” და “ახმეტელის თეატრი”.
ამ ეტაპზე მეტროსადგურების განახლების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და დეტალური დიზაინის მომზადებაზე შესაბამისი სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს. საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა გამოცხადდა 2022 წლის 6 ოქტომბერს და ბოლო ვადაა 2022 წლის 11 ნოემბერი.
“ამჟამად, მიმდინარეობს იმ კომპანიების შეფასება, რომლებმაც ინტერესი გამოხატეს. გადარჩეულ კომპანიებს შორის ჩატარდება კონკურსი. ტექნიკური და ფინანსური წინადადებების შეფასების შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ კომპანიასთან კონტრაქტი სავარაუდოდ, მაისში გაფორმდება. ტექნიკური დავალების თანახმად, საკონსულტაციო მომსახურების გაწევის ვადა 10 თვეა, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, პროექტი ხორციელდება აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით, ქალაქების მდგრადი განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში.