საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში რამდენიმე გეოგრაფიულ ობიექტს ახალი სახელი მიენიჭა

403

დედაქალაქის საკრებულოში დღეს წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის მიერ წარმოდგენილ 9 საკითხს მხარი დაუჭირეს.

თბილისის საკრებულოს ცნობით, კერძოდ, საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით, ჩუღურეთის რაიონში მდებარე ხიდს ქართველი კლასიკოსი მწერლის გურამ დოჩანაშვილის, ჭოროხის ქუჩას ქართველი მუსიკოსისა და ფოლკლორისტის ანზორ ერქომაიშვილის, ხოლო მომღერლისა და მუსიკოსის ჯემალ ჭკუასელის სახელი დიდუბის რაიონში გრიგოლ რობაქიძის გამზირთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ სკვერს დაერქვა.

„ჩუღურეთის რაიონში მდებარე კანკავას ქუჩას- კომპოზიტორის, საქართველოს დამსახურებული არტისტისა და თბილისის საპატიო მოქალაქის გომარ სიხარულიძის, ხოლო გაბრიელ სუნდუკიანის ქუჩის შესახვევს ფოლკლორისტის კუკური ჭოხონელიძის სახელი ეწოდა.

თბილისში, მთაწმინდის რაიონში, თბილისის ქუჩის მონაკვეთს, მასთან არსებულ ერთ ჩიხსა და ერთ შესახვევს რეჟისორის, მხატვრის რევაზ გაბრიაძის სახელის დაერქვა.

ისნის რაიონში, კონსტანტინე ცუცქირიძის ქუჩის მონაკვეთსა და იორის შესახვევის მონაკვეთს კი არქიტექტორის გიგა ბათიაშვილის სახელი მიანიჭეს, ხოლო ამავე რაიონში მდებარე ნავთლუღის ქუჩასთან არსებულ უსახელო სკვერს კი საბერძნეთის სახელი უწოდეს.

გლდანის რაიონში, მუხიანში, იოსებ ნონეშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას კი მომღერლის ზურაბ ბაკურაძის სახელი მიენიჭა. თბილისის №220 საჯარო სკოლა კი, საკრებულოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ზურაბ ძამუნაშვილის სახელს ატარებს.

ყველა წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით ჩატარებულია საჯარო განხილვების პროცესი და თითოეულ მათგანთან დაკავშირებით სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის მიერ დადებითი რეკომენდაცია გაიცა“, – ნათქვამია საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.