ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, შეიძლება ეს ბევრს არ მოსწონს, მაგრამ დედაქალაქს დღეს ჰყავს ყველაზე ახალი და მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო წლებში თბილისის მერიამ მნიშვნელოვანი, მასშტაბური და სისტემური სატრანსპორტო რეფორმა განახორციელა.
„ჩვენ 2017 წელს დავიწყეთ მასშტაბური, სისტემური სატრანსპორტო რეფორმის განხორციელება და დღესაც გრძელდება. განახლდა საავტობუსე პარკი. გვახსოვს, რამდენიმე წლის წინ როგორი ავტობუსები, მიკროავტობუსები გადაადგილდებოდა თბილისში. მოვახერხეთ ის, რომ თბილისს დღეს ემსახურება ყველაზე ახალი და მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ჩვენ, ჩვენს გადაწყვეტილებებში, გეგმებში ვართ აბსოლუტურად თანმიმდევრულები”, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, გრძელდება მუშაობა არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად. “გვაქვს გამოწვევები: ბევრი ადამიანი გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ჩვენი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და კომფორტული. ჩვენ გვქონდა პრობლემები, არსებობდა ქუჩები, უბნები, სადაც არ გადაადგილდებოდა საზოგადოებივი ტრანსპორტი, ეს პრობლემა მოგვარდა, გვაქვს ამ მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯი. მესმის თითოეული ადამიანის, როცა ამბობენ, რომ ზოგ გაჩერებაზე ტრანსპორტი მიდის დაგვიანებით, ჩვენ ამ ყველფერს აუცილებლად მოვაწესრიგებთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.