დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონის გამგეობამ, ბიძინა ბარათაშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.
მათივე ცნობით, პროექტის შედეგად, 4 215 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. ამ დრომდე აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი არ არსებობდა და მოსახლეობა გრუნტის გზით სარგებლობდა.
„ჩვენთვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მიმდინარე წელს არაერთი ქუჩა მოწესრიგდა, სადაც მოსახლეობა წლების განმავლობაში გრუნტიანი გზით სარგებლობდა. ამჟამად, სამუშაოები ბარათაშვილის ქუჩაზე დასრულდა და ამ მიმართულებით პროექტების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ“,- განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ.
საგზაო სამუშაოები, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „სკინჩმა“ შეასრულა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 300 000 ლარი გამოიყო.