„დედაქალაქის მერის მორიგი ანგარიში საკრებულოში უახლოეს მომავალში გაიმართება. ამ ეტაპზე კი, როდესაც გამოძიება აქტიურ ფაზაშია, მერის საკრებულოში მოსვლა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია“, – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს ოპოზიციონერი კოლეგების მოთხოვნის კომენტირებისას, სადაც ოპოზიცია საკრებულოში თბილისის მერის მისვლას ითხოვს.
„ოპოზიცია ისევ ცდილობს ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. უახლოეს მომავალში მერის მორიგი ანგარიშის წარდგენა გაიმართება და ის აუცილებლად მოვა საკრებულოში“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
მისივე განცხადებით, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარე არ ნიშნავს რიგგარეშე სხდომას, ოპოზიციის წარმომადგენლებს აქვთ უფლება თავად დანიშნონ იგი და სხდომის ჩატარება მოითხოვონ.
„ჩვენ კი იმ სხდომის დანიშვნას არ ვაპირებთ, რომელშიც მონაწილეობის მიღება დაგეგმილი არ გვაქვს. ოპოზიციას ამის უფლება გააჩნია და თუ ამის სურვილი აქვთ, შეუძლიათ თავად განახორციელონ აღნიშნული ქმედება“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.