ადამიანის უფლებათა ცენტრის პირველადი შეფასებით, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ორგანიზაცია მონიტორინგს ახორციელებს, კენჭისყრამ, ძირითადად, მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩაიარა. დაფიქსირებულ ცალკეულ დარღვევებს არ შეუძლიათ, არსებითი გავლენა მოახდინონ არჩევნების საბოლოო შედეგებზე.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მშვიდი და სამართლიანი კენჭისყრის პროცესი პანკისის ხეობის სოფლებში, სადაც სიმშვიდე იყო საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზეც.
კენჭისყრის პროცესმა, ასევე, მშვიდად და ინციდენტების გარეშე ჩაიარა გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში (ტირძნისი, ტყვიავი, ნიზოქი, ფხვენისი და სხვა).
პრობლემები უფრო მეტად აღირიცხა საგარეჯოსა და თელავის მუნიციპალიტეტების ეთნიკურად აზერბაჯანელი მოქალაქეებით დასახლებულ სოფლებში, სადაც ერთი მხრივ, კომისიის წევრთა არაკომპეტენტურობის, მეორე მრივ კი ამომრჩეველთა დაბალი სამოქალაქო ცნობიერებისა და საარჩევნო კანონმდებლობის არცოდნის გამო, იქმნებოდა დაძაბულობა, ზოგიერთ უბანზე კი დაფიქსირდა დარღვევები.
შემაშფოთებელ ტენდენციად იქცა ზოგიერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიების კოორდინატორებისა და აგიტატორების გადამეტებული აქტიურობა და ამომრჩეველთა კონტროლის მცდელობა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში გვაქვს ახალი პროფესია – „ამომრჩეველთა მთვლელი“ – ადამიანები, რომლებიც არჩევნებიდან არჩევნებამდე „გადამზადებას“ გადიან პარტიების ოფისებში და ყოველ არჩევნებზე მივლინებულნი არიან საარჩევნო უბნებზე წინასაარჩევნო პერიოდში მონიშნული მხარდამჭერების აქტიურობის შესამოწმებლად და მათი რაოდენობის დასათვლელად.