ბასილაია: თემქის ხევში ახალი პარკის მოწყობა მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება

212

თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას განცხადებით, თემქის ხევში, ახალი პარკის მოწყობის სამუშაოები მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სანიაღვრე სისტემის მოწესრიგების გამო, ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმა გადაიწია.

„თემქის ხევის პარკთან ჩვენ გარკვეული პრობლემები შეგვექმნა სანიაღვრე სისტემასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ირგვლივ არცერთ კვარტალს არ აქვს მოწესრიგებული სანიაღვრე სისტემა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარკთან ერთად, ეს სისტემა მოვაწესრიგოთ. ამჟამად უკვე ეწყობა პარალელურ რეჟიმში ქსელი. ამან გამოიწვია ის, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაახლოებით 3 თვით გადაიწევს და მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება. გაზაფხულზე ინტენსიურ რეჟიმში დაირგვება და უკვე ზაფხულში მივიღებთ განახლებულ პარკს“,-განაცხადა ბასილაიამ.