თბილისის მერია ფილარმონიის წინ არსებული ტერიტორიის მოწესრიგებას გეგმავს

256

თბილისის მერია ფილარმონიის წინ არსებული ტერიტორიის მოწესრიგებას გეგმავს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სარეაბილიტაციო სამუშაოები მომდევნო დღეების განმავლობაში დაიწყება.

„მოგეხსენებათ, რომ თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი დედაქალაქის ღირსშესანიშნავ ნაგებობას წარმოადგენს, შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათია. ალბათ, გაქვთ ინფორმაცია, რომ აღნიშნული ტერიტორია ამორტიზებულია, სხვადასხვა ტიპის დაზიანებებია. გადავწყვიტეთ მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში დავიწყოთ სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის, ფილარმონიის წინ მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დასასრულს უახლოვდება, ვფიქრობთ, ნოემბერში მთლიანად დავასრულოთ პროექტი თავისი გამწვანების სამუშაოებით, ტროტუარების მოწესრიგებით, განათების ბოძებით და ა.შ. მომდევნო დღეების განმავლობაში თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური დაიწყებს ფილარმონიის წინ არსებული ტერიტორიის მოწესრიგებას. ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მუზის ქანდაკების მიმდებარედ დაზიანებულია ქვის ფილები, არის უმძიმეს მდგომარეობაში, რაც ვერ უზრუნველყოფს უხვი ნალექის შეკრებას. გარდა ამისა, ტერიტორია წარმოადგენს კოსტავას ქუჩის მხრიდან ტროტუარის ჭერს, რომელიც საზოგადოებრივი სარგებლობისაა და ფეხით მოსიარულეები მუდმივად გადაადგილდებიან. გადახურულ სივრცეში წვიმიან ამინდშიც ჩვეულებრივად წვიმს, რაც დიდი პრობლემაა. ამასთან, ცენტრალური შესასვლელის მხრიდან დაზიანებულია ფილები და ჰიდროიზოლაციის არქონის გამო სარდაფები წყლით იტბორება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც მან განმარტა, სწორედ ამ მდგომარეობიდან გამომდინარე დაიგეგმა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს ტერიტორიის აღდგენას და სრულ განახლებას. კახა კალაძის თქმით, შენარჩუნდება პირვანდელი სახე, რადგანაც ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. ამასთან, კახა კალაძემ ეკოსერვის ჯგუფს დავალება მისცა ჩაატაროს შესაბამისი ღონისძიებები ფილარმონიის მიმდებარედ არსებული შადრევნის რეაბილიტაციისთვის, რომელიც მერის თქმით, ასევე ცუდ მდგომარეობაშია.

„განახლდება ე.წ. წყლის ფარდა, რომელიც ისტორიულად იყო. შემდეგ კი, წლების წინ მოშალეს და არ ვიცი, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. პროექტში ეს გათვალისწინებულია და აღვადგენთ პირვანდელ წყლის ფარდას. გარდა ამისა, ამორტიზებული გრანიტი მთლიანად მოპირკეთდება“.- განაცხადა კალაძემ.