“მრავალეროვანი საქართველო” ორგანიზაციის დამკვირვებლისათვის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლის თაობაზე განცხადებას ავრცელებენ

482

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამის ფარგლებში „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლის მიერ მარნეულის # 22 საარჩევნო ოლქის # 59 საარჩევნო უბანზე (სოფელი იმირი) დაფიქსირდა პირველ შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის, ხოლო მეორე შემთხვევაში აღნიშნული კომისიის თავმჯდომარის მიერ ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით გარანტირებული უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლა.

კერძოდ, დამკვირვებელს არ მიეცა საშუალება გადაემოწმებინა უბანზე მოსული ორი ამომრჩევლის პირადობის მოწმობაში არსებული მონაცემები იყო თუ არა იდენტური ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებულ მონაცემებთან, იმდენად რამდენადაც გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ზემოაღნიშნული პიროვნებები შესაძლოა არ წარმოადგენდნენ უბანზე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს (მათი ფიზიკური მახასიათებლები არ ემთხვევოდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებულ ფოტო სურათებს).

გარდა აღნიშნულისა, ეჭვი გაამყარა იმ გარემოებამაც, რომ კომისიის წევრმა (რეგისტრატორმა) ორგანიზაციის დამკვირვებელს არ მისცა საშუალება შეედარებინა ამორჩევლების დოკუმენტებში არსებული პირადი ნომერი, სამაგიდო სიაში არსებულ პირად ნომრებთან. საგულისხმოა, რომ კომისიის თავმჯდომარემ ერთ-ერთ ამომრჩეველს მოუწოდა არ ეჩვენებინა დამკირვებლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სწორედ „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის დაინტერესების საფუძველზე ზემოაღნიშნულმა ამომრჩევლებმა დაუყოვნებლივ დატოვეს საარჩევნო უბანი.

აღმნიშნულ ფაქტზე „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანმა დამკვირვებელმა საჩივრით მიმართა შესაბამის საარჩევნო კომისიებს, #59 საუბნო საარჩევნო კომისიის შესაბამისი წევრისა (რეგისტრატორის) და თავმჯდომარის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით.

ამასთან, საგულისხმოა ცესკოს დღევანდელი განმარტება იმის თაობაზე, რომ  საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია არ შეზღუდოს დაკვირვების უფლების მქონე პირების კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელება. ცესკომ აღნიშნული განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ საარჩევნო უბნებში სხვადასხვა სუბიექტების წარმომადგენლების და დამკვირვებლების მიერ ხდება არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა გადამოწმება რეგისტრატორებთან.

„მრავალეროვანი საქართველო“ მიიჩნევს, რომ მსგავსი შემთხვევები განმეორებითი ხმის მიცემისათვის ხელსაყრელ ნიადაგს ქმნის, რაც თავის მხრივ საფრთხეს უქმნის არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას. ამრიგად, მანკიერი ელექტორალური პრაქტიკის პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია დამკვირვებლებს მიეცეთ საკუთარი კანონიერი უფლებების სრულფასოვნად რეალიზების შესაძლებლობა.

იხილეთ პრესრელიზი