თბილისის მერია ქუჩის მხატვრობის მხარდასაჭერად 500 000 ლარის გამოყოფას გეგმავს

269

თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად, ქუჩის მხატვრობის წარმომადგენლებს, ე.წ. სთრით არტისტებს და ქუჩის ხელოვნების ფესტივალის ორგანიზატორებს შეხვდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე დედაქალაქის მერმა აღნიშნული მიმართულების კიდევ უფრო წასახალისებლად, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა და ხელოვანებთან სამომავლო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.

მისი თქმით, საბჭოთა კავშირის დროინდელი შენობა-ნაგებობების იერსახე ქალაქისთვის პრობლემას წარმოადგენს და ქუჩის მხატვრობა მათ ვიზუალური თვალსაზრისით ალამაზებს.

„მინდა, კიდევ ერთხელ მხარდაჭერა და თანადგომა გამოგიცხადოთ, რადგან ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ. მე, როგორც ქალაქის მერს, ძალიან მსიამოვნებს ყველა ის პროექტი, რომელიც უკვე განხორციელდა. გვაქვს მზაობა, რომ ამ მიმართულების დაფინანსება გავზარდოთ, პროცესში კიდევ უფრო მეტი არტისტი ჩავრთოთ, რათა პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს. ის, რაც კონკრეტული ნამუშევრების სახით იქმნება, ჩვენს ქალაქს ძალიან ალამაზებს. იცით, რომ გარკვეულ უბნებში იერსახის თვალსაზრისით, პრობლემები გვაქვს და თქვენი ნამუშევრები მართლაც შთამბეჭდავია. აღნიშნული პროექტი საზოგადოებას ძალიან მოსწონს და ამ მიმართულებით მუშაობა უნდა განვაგრძოთ. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას იმისთვის, რასაც აკეთებთ. იცოდეთ, რომ ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა და თანადგომა ყოველთვის გექნებათ, რათა ქალაქში კიდევ უფრო მეტი მსგავსი პროექტი განხორციელდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, ე.წ. სთრით არტისტებმა და ქუჩის ხელოვნების ფესტივალის ორგანიზატორებმა თბილისის მერიის წარმომადგენლებს ღია და უშუალო კომუნიკაციისთვის მადლობა გადაუხადეს და იმედი გამოთქვეს, რომ პროცესში რაიონების გამგეობების წარმომადგენლებიც აქტიურად ჩაერთვებიან. ამასთან, არტისტებმა დედაქალაქის მერს საკუთარი მოსაზრებები და ინიციატივები წარუდგინეს, რომელიც ქუჩის მხატვრობის სფეროს განვითარებას შეუწყობს ხელს.

„ვისაუბრეთ ქუჩის ხელოვნებაში არსებულ მდგომარეობაზე, გამოწვევებსა და პრობლემებზე. შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს ამ მიმართულებით არსებული გამოცდილება გაუზიარა. თბილისის მერია და მერი ამ პროექტებს გვერდით უდგას, იზრდება დაფინანსება, რისთვისაც მადლობელი ვართ. ასევე, ლამაზდება ქალაქი, ვითვისებთ მეტ უბანს, რაც ამ მიმართულებისთვის ძალიან კარგია“, – განაცხადა „თბილისი მურალ ფესტის“ დამფუძნებელმა, მხატვარმა ბესიკ მაზიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის მერია ქუჩის მხატვრობის მხარდასაჭერად, 500 000 ლარის გამოყოფას გეგმავს. პროგრამის ფარგლებში, ქალაქში, როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი ხელოვანების მიერ უკვე 100-მდე კედელი მოიხატა. ქუჩის მხატვრობის ფესტივალ „ნიკოსა“ და „თბილისი მურალ ფესტის“ ფარგლებში, ასევე, რამდენიმე ორგანიზაციისა და დამოუკიდებელი ხელოვანის მიერ განსხვავებული თემატიკის ნამუშევარი შესრულდა, რომლითაც შეიქმნა ისეთი პლატფორმა, სადაც დამწყებ თუ გამოცდილ ხელოვანებს აქვთ საშუალება, თავიანთი შემოქმედება და ხედვა წარმოაჩინონ.

არტისტებთან შეხვედრას, ასევე, თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი თემურ ბოლოთაშვილი ესწრებოდა.