ალეკო ელისაშვილი: ეგზიტპოლის მონაცემების არ მჯერა და ოფიციალურ შედეგებს ველოდები

633

თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს ეგზიტპოლის შედეგების არ სჯერა. როგორც ელისაშვილმა ტელეკომპანია ”რუსთავი 2-ს” განუცხადა, ის დაელოდება ხმის დათვლის ოფიციალურ შედეგებს.

”რაც შეეხება ეგზიტპოლებს, რამდენიმე დღის წინ ვიყავი ”რუსთავი 2-ში” და იქ ელენე ხოშტარიამ 38% მიიღო და მე 2%. ახლა ეგზიტპოლები ახალ სურათს ხატავს. ეგზიტპოლები არის ეგზიტპოლები, ეგზიტპოლები ტრადიციულად ჩვენთან ძალიან აცდენილია ხოლმე რეალობას. არჩევნები იმისთვის ტარდება, ბიულეტენები იმისთვის იბეჭდება, ურნა იმისთვის არსებობს, დამკვირვებლები და ხმის დამთვლებები იმისთვის არიან, რომ საბოლოო შედეგები მათგან უნდა გავიგოთ. მე პასუხისმგებლობით და სერიოზულად ვუყურებ ამ პროცესს პრემიერ-მინისტრისა და სხვა მჩატე პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ოფიციალურ შედეგებს ველოდები და ამის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს. ეგზიტპოლების, სიმართლე გითხრათ, არ მჯერა. ჩემთვის სერიოზული იქნება ოფიციალური შედეგები, ის შედეგები, რომლებსაც მოგვაწვდიან ჩვენი დამკვირვებლები, გაავრცელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ.”, – განაცხადა ელისაშვილმა, რომელმაც საარჩევნო პროცესს ”ამაზრზენი” უწოდა და აღნიშნა, რომ დაახლოებით 10%-იანი გაყალბება იყო.

მისივე თქმით, სულ მცირე მეორე ტურის ალბათობა არის ძალიან დიდი. მანვე, ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

”პირველ რიგში, მხარდამჭერებს მინდა ვუთხრა მადლობა გულითადი მხარდაჭერისთვის. ღმერთია მოწმე, რომ არც ერთი თქვენგანი არც კოორდინატორს მოუყვანია, არც ძველ ბიჭს, არც საჯარო სამსახურში დაგვიბარებიხართ, თქვენ ქალაქის სიყვარულმა მოგიყვანათ არჩევნებზე. მეც და ჩემი დაკვირვებლებიც ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ თითოეული ხმა დავიცვათ”, – განაცხადა ელისაშვილმა.